მთავრობას მყარი პოზიციები აქვს, რომელიც შესაბამისი მტკიცებულებებით არის გამყარებული, რათა არბიტრაჟი საქართველოს სასარგებლოდ გადაწყდეს - დავითაშვილი
მთავრობას მყარი პოზიციები აქვს, რომელიც შესაბამისი მტკიცებულებებით არის გამყარებული, რათა არბიტრაჟი საქართველოს სასარგებლოდ გადაწყდეს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო დავა, გავლენას ვერ მოახდენს ვერც კომპანიების შერჩევის და ვერც ანაკლიის პროექტის განხორციელების პროცესზე.
„კონკრეტული მოლოდინის თქმა შეუძლებელია, როგორი იქნება საარბიტრაჟო დავის შედეგები. დარწმუნებული ვართ, საქართველოს მთავრობას მყარი პოზიციები აქვს, რომელიც შესაბამისი არგუმენტებითა და მტკიცებულებებით არის გამყარებული, რათა არბიტრაჟი საქართველოს სასარგებლოდ გადაწყდეს და ქვეყანას განუხორციელებელი პროექტისთვის თანხის გადახდა არ მოუწიოს. ეს არის ცალკე იურიდიული პროცესი, რომელიც გავლენას ვერ მოახდენს ვერც კომპანიების შერჩევის და ვერც განხორციელების პროცესზე. ეს არის საქართველოს სახელმწიფოსთან დავა და პროექტი ყველა შემთხვევაში განხორციელდება იმ მოცემულობით, რაც მთავრობამ განაცხადა“, - აღნიშნა მინისტრმა.
აღსანიშნავია, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა და მისი ინვესტორის მხრიდან სახელმწიფოს წინააღმდეგ ორი საერთაშორისო საარბიტრაჟო პროცესი მიმდინარეობს.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826