მთელი ძალისხმევა მიმართული გვექნება, რომ ეკონომიკური ზრდა იყოს ინკლუზიური, მოვახდინოთ სამუშაო ადგილების გენერირება და დავასაქმოთ ჩვენი მოსახლეობა - ლევან დავითაშვილი
პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, 2024 წლის მაღალი, 9.5%-იანი ეკონომიკური ზრდა დასაქმების მაჩვენებელზეც აისახა და გასულ წელს დასაქმების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ამ საკითხზე ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
„ბუნებრივია, რომ ის ეკონომიკური მონაცემები, რომლებიც 2024 წელს გვქონდა, უნდა ასახულიყო დასაქმების მაჩვენებლებზე - გასულ წელს დასაქმებულთა რაოდენობა თითქმის 70,000 ადამიანით გაიზარდა და ფაქტობრივად, რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. გასულ წელს ჩვენ 1,402,000 დასაქმებული გვყავდა, რაც ასევე სარეკორდო მაჩვენებელია. ჯამში 2024 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, უმუშევრობა შემცირდა დამატებით 2.5%-იანი პუნქტით და 13.9% შეადგინა", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
ამასთან, ლევან დავითაშვილი ხაზს უსვამს, რომ უმუშევრობის არსებული მაჩვენებელი ჯერ კიდევ მაღალი მაჩვენებელია საერთაშორისო სტანდარტებით, თუმცა, აქამდე არსებული საუკეთესო შედეგია და რაც მნიშვნელოვანია, მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ ახალი სამუშაო ადგილები შექმნა. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობის მთავარი მიზანია, რომ მოსახლეობა დასაქმებული იყოს, ეზრდებოდეს შემოსავალი და ჰქონდეს ღირსეული ანაზღაურება.
„შემდეგ ოთხწლიან პერსპექტივაში შევქმნათ 200,000 სამუშაო ადგილი - ეს დაპირება რჩება უმთავრეს პრიორიტეტად. ამისკენ გვექნება მიმართული მთელი ძალისხმევა - რომ ეკონომიკური ზრდა იყოს ინკლუზიური, ასევე მოვახდინოთ სამუშაო ადგილების გენერირება და დავასაქმოთ ჩვენი მოსახლეობა. ეს არის ჩვენი მთავრობის უმთავრესი ფოკუსი და პრიორიტეტი. ცალსახაა, რომ ოპოზიციისთვის ეს არ არის იგივე, პირიქით, მათთვის პრინციპში, საპირისპირო ამოცანა და გეგმაა პრიორიტეტი იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის უბრალოდ ვიწრო პოლიტიკური მიზანი, რაზეც პრემიერ-მინისტრმა ძალიან ნათლად ისაუბრა", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
რაც შეეხება მიმდინარე წლის იანვრის თვის ეკონომიკურ ზრდას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის წინასწარი მონაცემებით, ის ასევე მაღალი იქნება.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826