მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, „აწარმოე საქართველოში" ახალ ინიციატივებზე მუშაობს - ლევან დავითაშვილი

news image
mbc image

მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების შემდგომი ხელშეწყობის კუთხით სააგენტო „აწარმოე საქართველოში"  სხვადასხვა ახალ ინიციატივებზე მუშაობს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა დაფინანსების ალტერნატიული წყაროების განვითარებაზე, მათ შორის ობლიგაციების გამოშვებაზე, საააქციო კაპიტალის განვითარებასა და აქტივებზე დაფუძნებულ დაფინანსებაზე.

„კერძო სექტორის ხელშეწყობა და გაძლიერება ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რისთვისაც უკვე წლებია, აქტიურად ვმუშაობთ და რისი მნიშვნელოვანი და აპრობირებული ინსტრუმენტია პროგრამა „აწარმოე საქართველოში". 2022-2023 წლების განმავლობაში გაფართოვდა ბიზნესის ხელშეწყობის არსებული მექანიზმები - ცვლილებები შეეხო როგორც ფინანსური (სესხის თანადაფინანსება და თანაუზრუნველყოფა), ასევე ტექნიკური ხელშეწყობის პროგრამებს (ექსპორტის ტექნიკური დახმარება). მათი საშუალებით მხარდაჭერილია 1,000-მდე პროექტი და შეიქმნა 10,000-მდე სამუშაო ადგილი. ასევე ხაზგასასმელია, რომ მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამის  2023 წლის რაუნდში გამარჯვებულია 1157 პროექტი, გამარჯვებულთა 50.12% ქალი მეწარმეა. ჯამურად, 2014 წლიდან "აწარმოე საქართველოში" სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში 11 ათასამდე პროექტი დაფინანსდა და შეიქმნა 65 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი.", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ  სააგენტოს მიერ გაცემულ 1 ლარზე, ბენეფიციარებმა დამატებით 14 ლარის შემოსავალი დააგენერირეს, ამავე 1 ლარის კონტრიბუცია მთლიან შიდა პროდუქტში 4.2 ლარს შეადგენს, ხოლო ყოველ გაცემულ 1 ლარზე პროექტის განხორციელებიდან 1 წლის განმავლობაში ბიუჯეტში გადასახადების სახით 1.5 ლარი შედის.

„სიახლეები გვაქვს მეწარმეებისთვის ადგილობრივ დონეზე ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამების მიწოდების კუთხით - დამუშავდა რეგიონალური საკონსულტაციო ცენტრების კონცეფცია და მიმდინარე წელს სატესტო რეჟიმში ფუნქციონირება დაიწყო სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრმა ქალაქ ზუგდიდში. ამასთან, მიმდინარეობს აჭარისა და კახეთის ცენტრების გასახსნელად მოსამზადებელი სამუშაოები. აქვე დავაანონსებ - 2023-2024 წლებში ქვეყნის მასშტაბით, „აწარმოე საქართველოში" საკონსულტაციო ცენტრები ჯამში 10 რეგიონსა და დედაქალაქში  გაიხსნება", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ამასთან, ლევან დავითაშვილის განცხადებით,  ბოლო წლებში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში შემუშავდა და დაინერგა ინოვაციური მიდგომები, მათ შორის, საზღვარგარეთ წარმომადგენლობითი კომპანიების დაქირავება, ლოკაციების სკაუტებთან მუშაობა და შესაბამისი სფეროს ექსპერტებთან თანამშრომლობა ქვეყნის წარმოჩენის კუთხით. შედეგად, ქვეყნის პოტენციალით დაინტერესდნენ და ოპერირება დაიწყეს მსოფლიოს უმსხვილესმა და მრავალმილიარდიანმა კორპორაციებმა, როგორებიცაა: Girteka, Concentrix, Indorama, Teleperformance და სხვა.

„საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის, არსებულ ბაზრებზე პოზიციების გაუმჯობესებისა და  კომპანიების საექსპორტო პოტენციალის გაუმჯობესების მიზნით, სააგენტომ შეიმუშავა ახალი, ექსპორტის სტიმულირების პროგრამა, რაც ითვალისწინებს საწარმოების დახმარებას სერტიფიცირებაში, ბრენდინგსა და საერთაშორისო ქსელში შესვლის მიმართულებით. აღნიშნულ პროგრამაში უკვე ჩართულია ექსპორტზე ორიენტირებული 100 კომპანია.  ამასთან, სააგენტო ახორციელებს ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსს, რომელიც მოიცავს ყველა საკვანძო საკითხს ექსპორტის საბაზისო საკითხებსა და საექსპორტო ოპერაციებზე. 2022-2023 წლებში გადამზადებული ექსპორტის მენეჯერების რაოდენობა  120-ს აღემატება.   ჯამურად, მოცემული მხარდამჭერი ინსტრუმენტების გამოყენებით, სააგენტოს ბენეფიციარებში, ჩატარებული კვლევის საფუძველზე, აღინიშნება 30 %-ანი ზრდა საერთაშორისო გაყიდვებში", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა