მწვანე წყალბადის მოხმარების განვითარების მიზნით 1,3 მილიონი ევრო გამოიყოფა
გერმანულ-ქართული მთავრობის მოლაპარაკებების კვირეულის ფარგლებში, ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურ დირექტორს, გიორგი ჩიქოვანსა და გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) ენერგეტიკის სექტორის დირექტორს, ბოდო შმიულინგს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც მწვანე წყალბადის მოხმარების განვითარებისა და აღნიშნულთან დაკავშირებული მოსამზადებელი ღონისძიებებისათვის 1,3 მილიონი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს. ხელშეკრულება დღეს, 19 ივნისს, ბერლინში გაფორმდა, რასაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე ესწრებოდა.
ხელშეკრულების პროექტის მიხედვით, დაფინანსებას სამეწარმეო ხასიათის მიზნები გააჩნია. კერძოდ, მიღებული სახსრები განსაზღვრულია მოსამზადებელი სამუშაოებისთვის - საჭირო ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისთვის, პროექტირებისთვის, გარემოზე ზემოქმედების ანგარიშებისა და შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივების პროექტის იმპლემენტაციისათვის და ა.შ.
გერმანიის ფედერალური მთავრობა, გერმანიის განვითარების ბანკის მეშვეობითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით, საქართველოში მწვანე წყალბადის ბაზრის განვითარების ხელშეწყობას გეგმავს. სწორედ ამ მიზნით, სულ ახლახან, მწვანე წყალბადის საპილოტე პროექტის განვითარებასთან დაკავშირებით, ხელი მოეწერა მემორანდუმს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასა და გერმანიის განვითარების ბანკს (KfW) შორის. მემორანდუმი ადასტურებს მხარეთა განზრახვას, ერთობლივი ძალისხმევით განავითარონ როგორც მწვანე წყალბადის საპილოტე საწარმო, ასევე მისი სრული ღირებულებითი ჯაჭვი (მოთხოვნა–მიწოდების ჩათვლით).
სწორედ აღნიშნული პროექტის საწყისი ეტაპია ზემოთხსენებული შეთანხმება და თანხა (1,3 მილიონი), რომელიც მის საფუძველზე გამოიყოფა და რომლითაც მწვანე წყალბადის განვითარების ხელშესაწყობად, ქვეყანაში, პირველი ნაბიჯები გადაიდგმება.
ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ენერგოპროდუქტის - წყალბადის გამოყენების გზად, პირველ ეტაპზე, ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტი განიხილება. მოსამზადებელ სამუშაოებს კი, დაახლოებით, ერთი წელიწადი დასჭირდება.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826