მზარდი ეკონომიკისა და ჯანსაღი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორების ფონზე, პრობლემა არ იქნება შედარებით მოკლე დროში რეზერვების შევსება - გოგიტა ცუცქირიძე
მიუხედავად იმისა, რომ სებ-ის მხრიდან განხორციელებული ინტერვენციების დაზუსტებული მონაცემები მხოლოდ 25 ნოემბერს გახდება ცნობილი, კვლავ არ წყდება სპეკულაციები დახარჯული რეზერვების ირგვლივ, ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი გოგიტა ცუცქირიძე წერს. მისი განმარტებით, აქცენტები გადატანილია ოქტომბრის თვეში ქვეყნის სავალუტო რეზერვების რეკორდული მოცულობით, 627 მილიონი დოლარით შემცირებაზე.
„კერძოდ, ეროვნული ბანკის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში განხორციელებულ 4 სავალუტო ინტერვენციაზე-213 მილიონი დოლარის ოდენობით და Bmatch პლატფორმით დამატებითი ინტერვენციებზე. შესაბამისად, იქმნება ისეთი სურათი, თითქოს საქართველოს ეკონომიკა სერიოზული კრიზისის წინაშე დგას.
მიმაჩნია, რომ ამ სახის ინფორმაციის ტირაჟირება და ხელოვნური აჟიოტაჟის შექმნა ემსახურება აშკარად დავარდნილი ოპოზიციური მუხტის გაცოცხლებას, ლარის კურსითა და რეზერვების თემით მანიპულირებით.
ამ საკითხზე არაერთხელ მისაუბრია, სებ-ი მოქმედებდა და მოქმედებს კანონმდებლობის სრული დაცვით. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ გასულ წლებში იყო შემთხვევები, როდესაც სავალუტო კურსის ჭარბი რყევა ან მკვეთრი გაუფასურების რისკი გამოწვეული იყო რა არაფუნდამენტური და არაეკონომიკური მიზეზებით, მათ შორის ხელოვნური აჟიოტაჟით, ეროვნული ბანკი ნაკლებად ერეოდა ბაზარზე და კურსის დაკორექტირებას და ბუნებრივ მდგომარეობაში დაბრუნებას საბაზრო ძალებს ანდობდა. სამწუხაროდ, ასეთ დროს ხდებოდა ფასების მკვეთრი ზრდა და შემდეგ კურსის შედარებით დასტაბილურების მიუხედავად ფასები კვლავ მაღალი რჩებოდა კიდევ დიდი ხნის განმავლობაში, რაც ბუნებრივია ზემოქმედებდა ინფლაციის მაჩვენებელზე და თითოეული ჩვენგანის ხარჯებზე. იმ პერიოდში სებ-ი არაერთხელ გამიკრიტიკებია სწორედ დაგვიანებული ინტერვენციების გამო, რადგან ეროვნული ბანკის პირდაპირი ვალდებულებაა ფასების სტაბილიზაცია, რათა ასეთ დროს დაიცვას ეკონომიკა, საფინანსო სექტორი და ლარი მკვეთრი გაუფასურებისგან. შესაბამისად, ეროვნულ ბანკს ლარის მკვეთრი გაუფასურება რომ დაეშვა, თან მეტად ტურბულენტურ წინასაარჩევნო პერიოდში, სწორედ მაშინ მოხდებოდა ქვეყნის დაზიანება და სახელმწიფოსთვის დიდი დარტყმის მიყენება.
აქედან გამომდინარე, რეზერვების ხარჯვის ამოსავალი წერტილი არის ბაზრის დაცვა ინფლაციური მოლოდინებისაგან და არსად წერია თუ რა ოდენობის რეზერვი უნდა იყოს გამოყენებული ოპტიმალურ საზომად. ბუნებრივია, რეზერვების შემცირება არ უნდა განიხილებოდეს მხოლოდ ერთი მიმართულებით და არც მისი დაცლაა სასურველი. ჩვენ ვხედავთ, რომ უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში საქართველოს სავალუტო რეზერვების შემცირების მიუხედავად, გასულ წელს ქვეყანაში რეზერვების რეკორდული მაჩვენებელი გვქონდა. შარშან სებ-მა რეკორდულად - 1.3 მლრდ. აშშ დოლარამდე შეავსო რეზერვები, ხოლო მისმა მოცულობამ სარეკორდო 5.4 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა და წელსაც განაგრძობდა დაგროვებას, შეავსო რა დამატებით 288 მილიონი აშშ დოლარით.
რამდენად დროული და გამართლებული იყო სებ-ის სტრატეგია ამის მაგალითად გაზრდილი ეკონომიკა, ჯანსაღი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, დაბალი ინფლაცია, სტაბილურად მზარდი სავალუტო შემოდინებები გამოდგება. ეკონომიკა იანვარ-ოქტომბრის მიხედვით გაზრდილია 9.8 %-ით, ხოლო მესამე კვარტალში 11.3 %-ით, ინფლაცია მიზნობრივ 3 %-იან მაჩვენებელს არ დასცდენია, რაც მთავრობის მხრიდან გონივრული ეკონომიკური პოლიტიკისა და სებ-ის სწორი და დროული გადაწყვეტილებების შედეგია.
სებ-მა სწორ დროს და საჭიროებისამებრ გამოიყენა რეზერვები და ამით მოსახლეობა ლარის მკვეთრი გაუფასურებისგან იხსნა. სხვა შემთხვევაში სავალუტო კურსის გაუფასურება სახეზე გვექნებოდა. რეზერვების დანიშნულებაც სწორედ ესაა, დააგროვო და დახარჯო საჭირო დროს და საჭირო სიტუაციაში.
მზარდი ეკონომიკისა და ჯანსაღი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორების ფონზე, პრობლემა არ იქნება შედარებით მოკლე დროში რეზერვების შევსება.
ასე რომ, ამ თემით ზედმეტად შეწუხებულ საექსპერტო საზოგადოებას ვურჩევდი ლარს და ეროვნულ ბანკს თავი დაანებონ, აკრიტიკონ და რჩევები მიცენ სადაც საჭიროა, პრობლემები საკუთარ თავში მოიძიონ, ხოლო ოპოზიციასაც ვურჩევ არჩევნებში წაგების მიზეზები კარგად გაანალიზონ და თავიანთ ჩაძირულ გემს მიხედონ“, წერს სოციალურ ქსელში გოგიტა ცუცქირიძე.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826