მზის ახალი ელექტროსადგურის მშენებლობა გარდაბნის მუნიციპალიტეტში იგეგმება
ეკონომიკის სამინისტროში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო კომპანია „მასდარსა'' და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს შორის ხელშეკრულება გაფორმდა ერთობლივი კომპანიის დაფუძნების შესახებ, რომელიც საქართველოში მზის ყველაზე დიდი სიმძლავრის ელექტროსადგურის პროექტს განახორციელებს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის" დირექტორმა ჯაბა ხმალაძემ და არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო კომპანია „მასდარის" დირექტორმა მოჰამედ ჯამეელ ალ რამაჰმა.
ხელმოწერის დასრულების შემდეგ ,,მასდარის,, წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ. შეხვედრას და ხელმოწერის ცერემონიას ასევე ესწრებოდა საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩის დროებით მოვალეობის შემსრულებელი მუნირა ალმარზოოქი.
რომეო მიქაუტაძის განცხადებით, მზის ახალი ელექტროსადგური, რომლის მშენებლობაც გარდაბნის მუნიციპალიტეტში იგეგმება, შეამცირებს იმპორტზე დამოკიდებულებას და მოახდენს ელექტროენერგიის მიწოდების ადგილობრივი წყაროების დივერსიფიკაციას, ასევე ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიებისა და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული მიზნების მიღწევას და ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესრულებას.
მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში დაგეგმილია საქართველოს მთავრობასთან მემორანდუმის გაფორმება და ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების განხორციელება.
შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოში არსებულ მიმზიდველ საინვესტიციო კლიმატს, მთავრობის მხარდაჭერას განახლებადი ენერგიების განვითარების მიმართულებით და მიმდინარე პროექტის პარალელურად, განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
,,მასდარის" დირექტორის, მოჰამედ ჯამეელ ალ რამაჰის შეფასებით, პროექტი, რომელსაც კომპანია საქართველოში პარტნიორებთან ერთად ახორციელებს, საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მაგალითია.
„მასდარი" მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი და მსხვილი კომპანიაა განახლებადი ენერგიის სექტორში. ჩვენ კარგად ვხედავთ, თუ რამდენად დიდი შესაძლებლობებია თქვენს ქვეყანაში. საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის თანამშრომლობა სტრატეგიული ხასიათისაა და უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობ, დღეს რეგიონში ყველაზე მასშტაბური მზის ენერგიის გამომუშავების პროექტის განხორციელების მიმართულებით ძალზედ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით და რაც მთავარია, მომავალში კიდევ უფრო მასშტაბური პროექტების განხორციელების პერსპექტივას ვხედავთ "- აღნიშნა ,,მასდარის" დირექტორმა მოჰამედ ჯამეელ ალ რამაჰმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826