ნაფეტვრებში მიწისა ნაკვეთები 5 მლნ ლარის საინვესტიციო ვალდებულებით იყიდება
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაფეტვრებში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს ყიდის. უფრო კონკრეტულად აუქციონზე გამოტანილია ნაფეტვრებში მდებარე 25274.00 კვ.მ; 26128.00 კვ.მ; 7625.00 კვ.მ; 595.00 კვ.მ; 71.00 კვ.მ; 2951.00 კვ.მ; 7751.00 კვ.მ; 2911.00 კვ.მ; 483.00 კვ.მ; 1411.00 კვ.მ; 5814.00 კვ.მ. და 7065.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომელიც აუქციონზე ერთ ლოტადაა წარმოდგენილი. აღნიშნული ლოტის საწყისი ღირებულება კი 6 000 000 მლნ ლარია და გასხვისება 18 აპრილს ჩანიშნულ აუქციონზე იგეგმება. აუქციონის პირობების მიხედვით კი გამარჯვებულს მინიმუმ 5 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება მოუწევს.
ქონების საპრივატიზებო პირობებად განსაზღვრულია:
ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის ვადაში.
ბ) შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან, არაუმეტეს 60 თვის ვადაში, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, საპრივატიზებო უძრავი ქონების ან მისი ნაწილის განვითარების (რაც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს) უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას) მიზნით, ამავე უძრავ ქონებაზე არანაკლებ 5 000 000 ლარის (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე) ინვესტიციის განხორციელება.
მყიდველი ვალდებულია საპრივატიზებო პირობების შესრულების (მათ შორის, ამ ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში წარმოადგინოს ,,ბ“ პუნქტით განსაზღვრული საინვესტიციო თანხის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც არანაკლებ 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს ამავე პუნქტით განსაზღვრულ საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826