ნამახვანჰესის პროექტი შეიძლება შეიცვალოს და უფრო ოპტიმალური გახდეს საქართველოს ენერგეტიკისთვის - დავით მირცხულავა
ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის დავით მირცხულავას ინფორმაციით, მისთვის ცნობილია, რომ ნამახვანჰესის პროექტი შეიძლება გადაიხედოს, ვინაიდან სახელმწიფო ევროპელი ინვესტორის შემოყვანას აპირებს.
მიუხედავად იმისა, რომ ჰეისის მშენებლობას თავიდან დიდი უკმაყოფილება ახლდა, დავით მირცხულავას შეფასებით, ნამახვანჰესის პროექტი შეიძლება შეიცვალოს და უფრო ოპტიმალური გახდეს.
„ნამახვანჰესისთვის ევროპელი ინვესტორის შემოყვანა მნიშვნელოვანი ეტაპია, რაც სასურველ შედეგამდე მიგვიყვანს. ახალი ხელშეკრულება გაფორმდება და საინტერესოა, რა შეიცვლება, რას გაითვალისწინებს სახელმწიფო.
კვლევები ადრეც კარგად იყო ჩატარებული. როცა დაინტერესებული მხარეები შეიკრიბნენ და წარიმართა მსჯელობა, არასამთავრობო სექტორმა საპროექტო საკითხების გახსნა მოითხოვა. უნდა გასცნობოდა ყველა დაინტერესებული პირი მასალებს და თავისი რეკომენდაცია და შენიშვნები გამოეთქვა.
თქვენ წარმოიდგინეთ, რომ 6 თვის განმავლობაში არც ერთი შენიშვნა არ გამოთქმულა. ეს ნიშნავს, რომ შესრულებულ სამუშაოებთან და კვლევის ხარისხთან არ იყო არავითარი შენიშვნა, ყოველ შემთხვევაში, წერილობითი ფორმით არ გამოუთქვამთ“, - აცხადებს დავით მირცხულავა Busiess Insider Georgia- თან.
ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი არ გამორიცხავს პროექტი შეიცვალოს და ენერგეტიკისთვის სარგებელიც გადაუხედოს, ამიტომ წინასწარ ვერ აკონკრეტებს, როგორი შეიძლება იყოს შედეგი ციფრებში, რასაც ქვეყანა ნამახვანჰესის მშენებლობისგან მიიღებს.
„წყალსაცავიანი სადგური საქართველოს ძალიან სჭირდება. ჩვენ გვჭირდება განახლებადი ენერგიის - ქარის და მზის სადგურების განვითარება. ამ ტიპის სადგურებს უზარმაზარი ფუნქციონალი ექნებათ იმიტომ, რომ ინტეგრაცია მოვახდინოთ და ასეთი მანევრული სადგურები განვავითაროთ, რაც ძალიან გვჭირდება. მთელ მსოფლიოში ეს მიმართულება განახლებადი ენერგიის ინტეგრაციისთვის არის გამოყენებული. რაც შეეხება პროექტის თავდაპირველ ვერსიას, ვერ გეტყვით თუ შენარჩუნდება. მოვისმინეთ, რომ პროექტის მოდიფიცირება შეიძლება გაკეთდეს, ამიტომ დაველოდოთ. არ გამოვრიცხავ, შეიცვალოს და უფრო ოპტიმალური ვარიანტი იყოს წარმოდგენილი საქართველოს ენერგეტიკისთვის. შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისთვის სარგებელი ციფრებში შეიცვლება. მთავარია, მისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღოს ქვეყნის ეკონომიკამ“, - ამბობს დავით მირცხულავა.
შპს ENKA Renewables-მა „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შესახებ საქართველოს მთავრობასთან დადებული კონტრაქტი საბოლოოდ 2022 წლის მარტში გაწყვიტა.
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის პროექტი მოიცავს ორ ჰესს მდინარე რიონზე 333 მეგავატის სიმძლავრის ქვემო ნამახვანის ჰესსა და 100 მეგავატის სიმძლავრის ზემო ნამახვანის ჰესს.
2022 წლის მაისში საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში დიდ ჰესებს სახელმწიფო/მთავრობა უნდა აშენებდეს.
ამ ეტაპზე კი ცნობილი ხდება, რომ პროექტში ევროპელი ინვესტორი ჩაერთვება.
იგივე თქმაზე:
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826