ნათია თურნავა - აქტიურად ვაგრძელებთ თანამშრომლობას საერთაშირისო ასპარეზზე, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ევროპის ცენტრალურ ბანკთან
„კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ ჩვენ დავიწყეთ აქტიური თანამშრომლობა ევროპის ცენტრალურ ბანკთან, ასეთი ფორმატის თანამშრომლობა ახალია ჩვენთვის და პირველად ხდება", - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, ეროვნული ბანკის დელეგაციამ ცოტა ხნის წინ ბრიუსელში, პირველად მიიღო მონაწილეობა ეკონომიკური და ფინანსური დიალოგის ფორმატში, კანდიდატი ქვეყნების ფისკალური და მონეტარული პოლიტიკების განხილვაში.
„ეკონომიკური და ფინანსური დიალოგის ფარგლებში გვქონდა შესაძლებლობა, ჩვენი ქვეყნის მონეტარული პოლიტიკა წარგვედგინა. სიამაყით შემიძლია გითხრათ, რომ სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით, გამორჩეულები ვართ როგორც ეკონომიკური ზრდით, ასევე დაბალი ინფლაციით", - განაცხადა თურნავამ.
მისივე განმარტებით, ეროვნული ბანკი არის ერთ-ერთი ის ინსტიტუტი, რომელიც ძალიან მდიდარია საერთაშორისო ორგანიზაციებთან განხორციელებული, მიმდინარე თუ დაგეგმილი ერთობლივი პროექტებით. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ცენტრალურ ბანკებთან კი ამ ეტაპზე ტექნიკური დახმარების საკითხზე აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს.
„სებ-ი აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას საერთაშორისო ასპარეზზე. ამ ეტაპზე, ჩვენ ვსაუბრობთ ევროპის ცენტრალურ ბანკთან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ცენტრალურ ბანკებთან ახალ ტექნიკურ დახმარებაზე და გვაქვს საკმაოდ კარგად გაწერილი გეგმა ამ თვალსაზრისით", - აღნიშნა თურნავამ.
ბრიუსელში გამართულ დიალოგში ევროკავშირის სამი ქვეყანა - ევროპული კავშირის საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე ბელგია, მომავალი თავმჯდომარე უნგრეთი და პოლონეთი მონაწილეობდნენ. დიალოგის ფარგლებში საბჭომ დაამტკიცა ერთობლივი დასკვნა, რომელშიც ასახულია დიალოგის მონაწილე ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და ეფექტური მონეტარული პოლიტიკის მიღწევები.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826