ნათია თურნავა ამერიკული და გლობალური საინვესტიციო კომპანიების ინვესტორებს შეხვდა
საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლები ამერიკული და გლობალური საინვესტიციო კომპანიების ინვესტორებს შეხვდნენ.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ J.P. Morgan-ის, Morgan Stanley-ის, Vontobel-ის, Currency Exchange Fund-ის, Bank of America-სა და Janus Henderson Investors-ის მაღალი რანგის მენეჯერები.
შეხვედრაზე სებ-ის გუნდმა საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებს ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობის, ძლიერი ეკონომიკური ფუნდამენტებისა და ფინანსური სტაბილურობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
აღინიშნა, რომ საქართველოში ფასების სტაბილურობა ნარჩუნდება, ინფლაცია უკვე 19 თვეა, 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბლაა და რომ ეს შედეგი, პირველ რიგში, სწორი მონეტარული პოლიტიკის დამსახურებაა.
ამასთან, ხაზი გაესვა მაღალ ეკონომიკურ ზრდას და ზრდის პერსპექტივებს. აღინიშნა, რომ ეკონომიკური ზრდა ძლიერია და 2024 წლის სექტემბერ-ოქტომბერში საშუალო ზრდამ 9.8% შეადგინა.
შეხვედრაზე ნათია თურნავამ სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს საბანკო სექტორზე და აღნიშნა, რომ საბანკო სექტორში ჯანსაღი მდგომარეობა ნარჩუნდება, უმოქმედო სესხები დაბალ დონეზეა, ხოლო მომგებიანობა კვლავ მაღალ დონეზეა.
მისივე თქმით, ჯანსაღი საკრედიტო ზრდის ფონზე სებ-ი აგრძელებს დოლარიზაციის შემცირების მიმართულებით ზომების მიღებას, რაც ფინანსურ სტაბილურობასა და მდგრად ზრდას უზრუნველყოფს.
ნათია თურნავას განცხადებით, გასულ წელს აშშ-დან პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 182 მლნ. დოლარი შეადგინა. მისივე თქმით, საქართველო აფასებს ხანგრძლივ ურთიერთობას აშშ-სთან და ამერიკელი ინვესტორების ნდობას საქართველოსადმი.
სტუმრებისთვის საქართველოს ფინანსური ბაზრების სტაბილურობისა და მაკროეკონომიკურ გარემოს შესახებ პრეზენტაციები გამართეს სებ-ის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შალვა მხატრიშვილმა და ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით უტიაშვილმა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826