ნათია თურნავა ანალიტიკოსებს შეხვდა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ანალიტიკოსებს შეხვდა.
სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა შეხვედრაზე ყურადღება მონეტარული პოლიტიკისა და ფინანსური სტაბილურობის კომიტეტების ბოლო გადაწყვეტილებებზე გაამახვილა.
მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილების ნაწილში საუბარი შეეხო მიღებული გადაწყვეტილების დეტალურ ანალიზს, მის მიზანშეწონილობას, მაკროეკონომიკურ ტენდენციებსა და მაკროეკონომიკურ პროგნოზებს. ფინანსური სტაბილურობის მხრივ კი, ფინანსურ სისტემაში არსებულ მოწყვლადობისა და რისკების შეფასებაზე იმსჯელეს, სადაც ძირითადი აქცენტი საშუალო და გრძელვადიანი პერიოდის გათვალისწინებით, ფინანსური სექტორის სტრუქტურულ მახასიათებლებსა და საქართველოს ეკონომიკის იმ ასპექტებზე გაკეთდა, რომლებიც მნიშვნელოვანია ფინანსური სტაბილურობისთვის.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი შეხვედრები, რათა მოვისმინოთ ანალიტიკოსების მოსაზრებები მიმდინარე მაკროეკონომიკური მაჩვენებლებისა თუ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ. აქედან გამომდინარე მსგავს ფორმატში ანალიტიკოსებთან თანამშრომლობას გავაგრძელებთ რათა ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები დეტალურად გაანალიზდეს და უზრუნველყოფილ იქნას გამჭვირვალობა", - განაცხადა ნათია თურნავამ
შეხვედრაში ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი, შალვა მხატრიშვილი და ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი, დავით უტიაშვილი მონაწილეობდნენ.
"არსებულ რისკებს ბოლო პერიოდში დაემატა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი, რომელიც დამატებითი გაურკვევლობის წყაროა და შესაძლოა, ინფლაციის პერსპექტივასთან დაკავშირებით დამატებითი რისკები გააჩინოს - სწორედ ეს გახლდათ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად, საკმაოდ მაღალ დონეზე, დატოვების მიზეზი", - აღნიშნა შალვა მხატრიშვილმა.
"ჩვენი მიღებული გადაწყვეტილება, 300,000 ლარამდე მოცულობის სესხების მხოლოდ ჰეჯირებულ პირობებით გაცემა მნიშვნელოვნად შეამცირებს დოლარიზაციასა და მისგან გამოწვეულ სისტემურ რისკებს, რაც ფინანსურ სტაბილურობას დამატებით განამტკიცებს", - აღნიშნა დავით უტიაშვილმა.
მსგავსი შეხვედრების მიზანია კონკრეტული საკითხების შესახებ დაინტერესებული მხარისათვის დეტალური და ზუსტი ინფორმაციის მიწოდება.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826