ნათია თურნავა აზიის განვითარების ბანკის ხელმძღვანელს შეხვდა
ნათია თურნავა აზიის განვითარების ბანკის (ADB) რეგიონის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, კამელ ბუჰმადს ეროვნული ბანკის სათავო ოფისში შეხვდა.
შეხვედრაზე ADB-თან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მიმოიხილეს ერთობლივი პროექტები, რომლებიც ბოლო წლებში ADB-ის მხარდაჭერით საქართველოში განხორციელდა.
საუბარი ასევე შეეხო მიმდინარე მაკროეკონომიკური ტენდენციებს და ფინანსური სტაბილურობის საკითხებს. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა იმ თანმიმდევრულ ნაბიჯებზე, რომლებსაც ეროვნული ბანკი გლობალური გამოწვევების საპასუხოდ დგამდა.
"აზიის განვითარების ბანკთან საქართველოს მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. მათი მხარდაჭერით ჩვენს ქვეყანაში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. ADB-მ საქართველოს მდგრადი და ინკლუზიური ზრდის მხარდასაჭერად პროგრამული დახმარება გამოყო, რომელმაც ხელი შეუწყო COVID-19-ის კრიზისის შემდგომი შოკების ფონზე საქართველოს ფისკალური მდგრადობის გაზრდას და ქვეყანას რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგად გაზრდილ ეკონომიკურ გაურკვევლობასთან გამკლავებაში დაეხმარა. ამასთან აღსანიშნავია, რომ ADB-ი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრების განვითარებას. ამ მიზნით, აზიის განვითარების ბანკმა 2019 წელს ლარის ობლიგაციები გამოუშვა, რამაც ხელი შეუწყო ეროვნული ბანკის მიერ გაცხადებული ლარიზაციის პოლიტიკის გაძლიერებას",- განაცხადა ნათია თურნავამ.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826