ნათია თურნავა - ჩვენი საფინანსო სექტორი არის მდგრადი და სექტორის გარშემო აჟიოტაჟი დიდწილად ხელოვნურად იყო შექმნილი
რაიმე კრიტიკული და განსაკუთრებული, რაც ჩვენს საფინანსო სექტორს დაემუქრებოდა, ნამდვილად არ არსებობს. ჩვენი საბანკო სისტემა არის ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი ევროპაში, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ „დღის ქრონიკაში“ გასულ კვირაში ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული ბანკების აქციების ფასების ცვლილების შეფასებისას.
ნათია თურნავას განცხადებით, ამ თემაზე აჟიოტაჟი დიდწილად ხელოვნურად იყო შექმნილი და ამის უკან რეალური ეკონომიკური მიზეზი არ დგას.
„ყველა კეთილსინდისიერმა ექსპერტმა იცის, რომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე ბანკების აქციების ფასს ახასიათებს მერყეობა, ეს ჩვეულებრივი ამბავია. ნებისმიერი სიახლე, ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკის შესახებ როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი, ასევე თავად ბანკების შესახებ, ყველაფერი მყისიერად მოქმედებს აქციებზე და თუ გადახედავთ ბოლო პერიოდს, ნახავთ, რომ მათი აქციების ფასი ხან იზრდება, ხან მცირდება.
მაგალითად, ამ წლის დასაწყისში „საქართველოს ბანკის“ აქციები ივაჭრებოდა 37-40 ფუნტად ანუ იმაზე უფრო დაბალ ფასში, ვიდრე დღეს არის. ამ შემცირების შემდეგ ისევ დაიწყო აღდგენა ფასმა და დღეს 41 ფუნტი იყო. ანუ რაიმე კრიტიკული და განსაკუთრებული, რაც ჩვენს საფინანსო სექტორს დაემუქრებოდა, ნამდვილად არ არსებობს. ჩვენი საბანკო სისტემა არის ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი ევროპაში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ქართულ ბანკებს 16,7 მილიარდი ლარის ლიკვიდური აქტივი გააჩნიათ და ნებისმიერ სერიოზულ კრიზისს აღუდგებიან წინ.
„მაგალითად, 2022 წლის თებერვალში, როცა დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი და რეალურად შოკი იყო, მოხდა აქციების ფასის ვარდნა 40%-ით ანუ ორჯერ და უფრო მეტად მყისიერი ვარდნა, ვიდრე ამ რამდენიმე დღეში დავინახეთ ჩვენ და ამანაც არ განაპირობა ჩვენი საბანკო სისტემის შერყევა, რადგან ის არის ძალიან ძლიერი, კარგად კაპიტალიზირებული, საკმარისი ლიკვიდობის ბუფერები, მომგებიანი. ჩვენი ბანკების მოგება გასულ წელს 2,7 მილიარდი ლარი იყო. ფასის ეს მოკლევადიანი რყევები არანაირად არ აისახება ჩვენი საბანკო სისტემის გადახდისუნარიანობაზე და მის მედეგობაზე შოკების მიმართ და მით უფრო ლარის კურსთან ამას არანაირი კავშირი არ ჰქონდა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826