ნათია თურნავა - ეროვნული ბანკის ადეკვატურმა და დროულმა რეაგირებამ ფასების სტაბილურობა უზრუნველყო
საქართველოში ფასების სტაბილურობა არსებითად მიღწეულია - 2023 წლის დასაწყისიდან ინფლაციამ შემცირება დაიწყო და მარტის შემდგომ მიზნობრივ 3 პროცენტზე დაბალი ნარჩუნდება, - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში წლიური ანგარიშის წარდგენისას.
„ფასების სტაბილურობა ეროვნული ბანკის ადეკვატურმა და დროულმა რეაგირებამ უზრუნველყო, როგორც მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების, ისე შემდგომში მისი შერბილების მიმართულებით. 2023 წლის დასაწყისიდან ინფლაციური მოლოდინები და ადგილობრივი წარმოების პროდუქტების ფასების ცვლილებას კლებადი ტენდენცია ჰქონდა და ბოლო პერიოდში, მიზნობრივ 3 პროცენტიანი მაჩვენებლის გარშემო ნორმალიზდა. ინფლაციის შემცირებას ხელს უწყობდა ლარი კურსის გამყარება, რომელმაც საგარეო შოკების ეფექტების ეტაპობრივ მილევასთან ერთად, იმპორტული ინფლაციის კლება და მთლიანი ინფლაციის შემცირება განაპირობა", - აღნიშნა მან.
ინფლაციური ტენდენციების და ინფლაციური პროგნოზის გათვალისწინებით, ეროვნულმა ბანკმა 2023 წლის დასაწყისიდან მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლა დაიწყო. 2023 წლის დასაწყისში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11% იყო და წლის ბოლომდე ეტაპობრივად, 1.5 პპ-ით, 9.5 პროცენტამდე შეამცირა.
„მას შემდეგ, რაც დავრწმუნდით, რომ ინფლაციური წნეხი აღმოფხვრილია და როგორც ინფლაციური მოლოდინები, ისე ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან სტაბილურად ახლოსაა, მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზების უფრო აქტიურ ფაზაში გადავედით. 2024 წლის დასაწყისიდან მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი დამატებით ჯამურად 1.5 პპ-ით შევამცირებთ. საბოლოო ჯამში, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11 პროცენტიდან დღეის მდგომარეობით 8 პროცენტამდე არის შემცირებული.
აქ მინდა ვთქვა, რომ ვინაიდან ინფლაციური მოლოდინები მოთოკილია, ამან მოგვცა შესაძლებლობა, რომ ეტაპობრივად შეგვემცირებინა რეფინანსირების განაკვეთი. ერთი მხრივ, ამან დადებითი გავლენა იქონია ქვეყანაში ლარის რესურსის ხელმისაწვდომობაზე. ლარის რესურსი ჩვენი მოსახლეობისთვის უფრო ხელმისაწვდომი ხდება, რაც ხელს უწყობს გრძელვადიანად მდგრად ეკონომიკურ ზრდას და ამავდროულად, ამსუბუქებს ვალის ტვირთს.
ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით ეკონომიკურ ტენდენციებსა და გლობალურად მიმდინარე მოვლენებს. ყოველთვის მზად ვართ, რეაგირება მოვახდინოთ ცვლადებად გარემოზე, საჭიროების შემთხვევაში შევარბილოთ და საჭიროების შესაბამისად გავამკაცროთ მონეტარული პოლიტიკა. ამით ჩვენ ვინარჩუნებთ ეკონომიკური კეთილდღეობის მთავარ ფუნდამენტს - ფასების სტაბილურობას", - განაცხადა ნათია თურნავამ.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826