ნათია თურნავა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მმართველ დირექტორს ფრენსის მალიჟს შეხვდა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მმართველ დირექტორს ფრენსის მალიჟს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს მაკროეკონომიკური გარემო, საბანკო სექტორში არსებული ტენდენციები, ფინანსური სტაბილურობის საკითხები და ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკის მიმართულებები განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა რომ ქართული საბანკო სისტემა ჯანსაღია და სტაბილურად ვითარდება - ბანკების კაპიტალიზაცია, ლიკვიდობა და მომგებიანობა მაღალ ნიშნულზეა. ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და საქართველოს ფინანსური ბაზრის განვითარების პერსპექტივებზე.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო EBRD-თან მიმდინარე თანამშრომლობას. ბანკი წლების განმავლობაში მნიშვნელოვან ტექნიკურ დახმარებას უწევს ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს გაძლიერებისა და ფინანსური ბაზრების განვითარების მიმართულებით. მათ შორისაა პროგნოზირებისა და პოლიტიკის ანალიზის სისტემის დანერგვა, დერივატივების საკანონმდებლო ჩარჩოს განვითარება და კაპიტალის ბაზრის რეფორმების მხარდაჭერა.
„EBRD-თან ჩვენი თანამშრომლობა წლების განმავლობაში გრძელდება. ის ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც 30 წლის წინ შემოვიდა საქართველოში. დღეისთვის ერთ-ერთ მსხვილი პორტფელი გააჩნია სხვადასხვა პროექტში და მათ შორის თითქმის ნახევარი დაბანდებულია ქართულ საბანკო სისტემაში. ქართული ბანკებისთვის ეს არის რესურსი, რომელიც ჩაედინება ეკონომიკაში როგორც ლარში, ისე დოლარში გასესხების გზით. ამ ეტაპზე EBRD-თან ჩვენი თანამშრომლობა ტექნიკური დახმარების სახით გრძელდება, ვეხმარებით ბანკებთან მათ ურთიერთობას. შეხვედრის ფარგლებში ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობასა და გეგმებზე. აღინიშნა, თუ რამდენად მდგრადია საქართველოს მაკროეკონომიკური გარემო, როგორ ვითარდება ჩვენი საბანკო სისტემა, რომელიც ძალიან მიმზიდველია ინვესტირებისთვის და ამ თვალსაზრისით ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს დასახული", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში. EBRD მჭიდროდ მუშაობს საქართველოს საფინანსო სექტორთან, რათა მხარი დაუჭიროს კერძო სექტორს და რეალურ ეკონომიკას საქართველოში - მცირე და საშუალო ბიზნესს, კორპორაციებს, ახალგაზრდა მეწარმეებს, ქალ მეწარმეებს, ეკონომიკის გამწვანებას. ჩვენ ამას წლებია ვაკეთებთ და კვლავაც გავაგრძელებთ. ეროვნულ ბანკთან შეხვედრის ფარგლებში, გავაცანით ფინანსურ სექტორთან მიღწეული პროგრესი. ასევე გავცალეთ მოსაზრებები, თუ როგორ უზრუნველვყოთ, რომ საბანკო სექტორის რეგულირება და ზედამხედველობა საუკეთესო საერთაშორისო დონეზე დარჩეს და რა შეგვიძლია გავაკეთოთ, როგორ შევიტანოთ ჩვენი წვლილი ამ ყველაფრის გაუმჯობესებაში", - განაცხადა ფრენსის მალიჟმა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, ვიცე-პრეზიდენტი ნინო ჯელაძე და სხვადასხვა მიმართულების ხელმძღვანელები.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826