ნათია თურნავა ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს სამხრეთ კავკასიაში, მაჩიე ჩურას შეხვდა.
ნათია თურნავამ ისაუბრა მონეტარულ პოლიტიკასა და მიმდინარე მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე, ასევე, EIB-ის რეგიონულ წარმომადგენელს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული რეფორმები გააცნო.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა მაჩიე ჩურას მადლობა გადაუხადა ევროპის საინვესტიციო ბანკს გაწეული დახმარებისთვის და აღნიშნა ევროპის საინვესტიციო ბანკთან თანამშრომლობის მნიშვნელობა.
"საქართველოს ეროვნული ბანკი მხარს უჭერს ქვეყნის მდგრად განვითარებაში ფინანსური სექტორის როლის გაძლიერებას. სწორედ EIB-ის ფინანსური მხარდაჭერით, ეროვნული ბანკი კლიმატის სცენარების ანალიზის ჩარჩოს შეიმუშავებს. პროექტი ითვალისწინებს საქართველოსთვის კლიმატის სცენარების შემუშავებას, ამ სცენარების პირობებში კომერციული ბანკების მოწყვლადობის შეფასებასა და კლიმატის სტრეს-ტესტირების ჩატარებას. პროექტი გასულ წელს დაიწყო და პირველ შედეგებს მიმდინარე წლის ბოლომდე ველოდებით. EIB-თან თანამშრომლობის ხელშეკრულება ზემოაღნიშნულ პროექტს და საქართველოს ფინანსური სისტემის "გამწვანების" მიმართულებით თანამშრომლობის სხვა საკითხებს მოიცავს. იმედი მაქვს, რომ EIB-თან მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება", - განაცხადა ნათია თურნავამ.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826