ნათია თურნავა გაერთიანებული სამეფოს ახალდანიშნულ ელჩს გარეთ უორდს შეხვდა
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ახალ ელჩთან, გარეთ უორდთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს ეროვნულ ბანკსა და გაერთიანებული სამეფოს ცენტრალურ ბანკს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას. ყურადღება ასევე გამახვილდა სამომავლო თანამშრომლობის გააქტიურებასა და ინფორმაციის გაცვლაზე ცენტრალური ბანკების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში, მათ შორის ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების კუთხით.
შეხვედრის ფარგლებში ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა, რომ დიდი ბრიტანეთი საქართველოს მჭიდრო პარტნიორია და მასთან თანამშრომლობა როგორც ქვეყნისთვის, ისე ეროვნული ბანკისთვის პრიორიტეტულია.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ აღნიშნა, საკმაოდ ნაყოფიერი და საინტერესო შეხვედრა შედგა, რომლის დროსაც გარეთ უორდს ინფორმაცია მიაწოდა მონეტარული პოლიტიკის, ფულის გათეთრების აღკვეთისა და ვირტუალური აქტივის სერვისის პროვაიდერების რეგულირების კუთხით სებ-ის მიერ გადადგმულ აქტიურ ნაბიჯებზე.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826