ნათია თურნავა გერმანული ვესტფალია-ლიპეს შპარკასეს ასოციაციის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გერმანული ვესტფალია-ლიპეს "შპარკასეს" ასოციაციის (Sparkasse Association of Westphalia-Lippe) დელეგაციას უმასპინძლა. "შპარკასეს" ასოციაცია გერმანული ფონდი "შპარკასე" საერთაშორისო თანამშრომლობისთვის (DSIK) საქართველოს ოფისის პარტნიორია. თავის მხრივ გერმანული ფონდი შპარკასე (DSIK) და საქართველოს ეროვნული ბანკი თანამშრომლობენ ფინანსური განათლებისა და მდგრადი დაფინანსების საკითხებზე.
"აქტიურად ვმუშაობთ მდგრადი დაფინანსების საკითხებზე და ამ მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს სწორედ ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობით, გუნდური მუშაობით მივაღწიეთ. ეროვნული ბანკი რჩება მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარების ერთგული. "შპარკასე" ჩვენი ერთგული პარტნიორია და ამ ტრანსფორმაციულ პროცესში მათი მხარდაჭერა მნიშვნელოვან როლს თამაშობს", - განაცხადა ნათია თურნავამ.
გერმანელი სტუმრები დეტალურად გაეცნენ პროექტის აქტივობებსა და მათ შედეგებს, განსაკუთრებით კი ფინანსური განათლების პროექტების მიმდინარეობას და მდგრად, სოციალურ და მმართველობით საკითხებს (ESG). ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა გერმანული ფონდი "შპარკასეს" ხანგრძლივ თანამშრომლობას საქართველოს ეროვნულ ბანკთან. ამ პარტნიორობის შედეგად საქართველოს საფინანსო სექტორში მდგრადი, სოციალური და მმართველობითი საკითხების (ESG) საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრების გამარტივებისთვის შეიმუშავეს ისეთი პრაქტიკული ინსტრუმენტები, როგორებიცაა - რისკის რადარი, ასევე მდგრადი, სოციალური და მმართველობითი საკითხების (ESG) საკრედიტო რისკების შეფასების ინსტრუმენტი, ESG ანგარიშების მომზადების სახელმძღვანელო და ინსტრუმენტი ფინანსური ემისიების გამოსათვლელად. ამგვარად, საქართველო რეგიონში მოწინავეა ამ მიმართულებით.
"შპარკასეს" ფინანსური ჯგუფი 510 ინსტიტუციით, დაახლოებით 11,000 ფილიალით, 291,000 თანამშრომლითა და 3,330 მილიარდი ევროს ოდენობის მთლიანი ბიზნესის მოცულობით, ყველაზე დიდი ფინანსური სერვისების მიმწოდებელია ევროპაში. ის დაარსდა 200 წლის წინ და მას შემდეგ შპარკასეს მისია ფინანსური ინკლუზიისა და ნებისმიერი გამოცდილების მქონე ადამიანის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში ჩართულობის ხელშეწყობაა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826