ნათია თურნავა კომერციული ბანკების წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, საქართველოს საბანკო ასოციაციის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც კომერციული ბანკების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სამუშაო შეხვედრაზე საბანკო სექტორში არსებულ ვითარებაზე, ფინანსებზე ხელმისაწვდომობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
განიხილეს ღია ბანკინგთან და მისი განვითარების პროცესთან დაკავშირებული რეგულაციები და დაზუსტებები. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს კანონს საბანკო კონკურენციას და „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“. საბანკო ასოციაციის მიერ ორგანიზებული შეხვედრის ერთ-ერთი განსახილველი საკითხი მომხმარებელთა უფლებების დაცვა იყო.
როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, საბანკო-საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან მსგავსი შეხვედრების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია. მისი შეფასებით, საბოლოო ჯამში, ეს ხელს შეუწყობს ბანკების მომხმარებლებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდასა და ეკონომიკის განვითარებას.
საქართველოს საბანკო ასოციაციის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრას კომერციულ ბანკებთან ერთად, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები - ეკატერინე გალდავა და ნინო ჯელაძე, ასევე ეროვნული ბანკის სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები ესწრებოდნენ.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826