ნათია თურნავა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისს შეხვდა
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა მსოფლიო ბანკის ახალ რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში, როლანდ პრაისს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და მსოფლიო ბანკს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ და სამომავლო პროექტებზე ისაუბრა. მათ შორის, საუბარი მყისიერი გადახდების სისტემის დანერგვასაც შეეხო, რომელიც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს.
"30 წელზე მეტია მსოფლიო ბანკი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია. მთავარი თემები, რაზეც დღეს ვისაუბრეთ ის პროექტებია, რომლებიც სწორედ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მყისიერი გადახდების სისტემა, რომელიც მსოფლიო ბანკის დაფინანსებით იქმნება. აღნიშნული საქართველოში გადახდების სისტემას გაცილებით უფრო მარტივსა და ხელმისაწვდომს გახდის. ასევე, ვისაუბრეთ სხვა გეგმებზე, მათ შორის, მდგრადი ფინანსების და კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე. მთლიანობაში ძალიან პოზიტიური შეხვედრა შედგა. ჩვენი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება", - განაცხადა ნათია თურნავამ.
"მსოფლიო ბანკისთვის დიდი პატივია საქართველოს ცენტრალურ ბანკთან თანამშრომლობა. ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში, ვმუშაობთ ახალი შესაძლებლობების უკეთ ათვისებასა და სხვა საკრედიტო ოპერაციებზე. ცენტრალური ბანკის როლი მნიშვნელოვანია მთავრობასთან ერთად მიმდინარე რეფორმების განსახორციელებლად. დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე სხვადასხვა მიმართულების პროექტები განვიხილეთ, რომლებზეც ერთობლივად ვმუშაობთ", - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, როლანდ პრაისმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826