ნათია თურნავა - პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციით, „ლიბერთი ბანკმა“ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რომ 2023 წლამდე აღებულ სესხებზე პენსიონრებს პროცენტი შეუმცირდეთ
პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციითა და ამ პროცესში ეროვნული ბანკის ინტენსიური ჩართულობით, „ლიბერთი ბანკმა“ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო - 150 ათასზე მეტ პენსიონერს, ვისაც 2023 წლამდე აქვთ აღებული სესხი, პროცენტი შეუმცირდეთ და გაუტოლდეს იმ პროცენტს, რომელიც დაწესებულია 2023 წლიდან მოყოლებული, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ „ლიბერთი ბანკის“ გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, პროცენტის შემცირება შეეხება როგორც ოვერდრაფტებს, ასევე ჩვეულებრივ სესხებს და საუბარია საკმაოდ მაღალ პროცენტში აღებულ სესხებზე. „პროცენტების შემცირება მოხდება იმ მსესხებლებისთვის, ვისაც სესხი აღებული აქვს 2023 წლამდე. ჯამში, საუბარია 150 ათასზე მეტ სესხზე, რომელთა საშუალო საპროცენტო განაკვეთი 30%-ზე მეტია. ვფიქრობ, „ლიბერთი ბანკის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილება სოციალურად საკმაოდ მნიშვნელოვანია და აღსანიშნია, რომ ამავდროულად თვითონ „ლიბერთი ბანკის“ ფინანსურ მდგომარეობას არ გააუარესებს. აქედან გამომდინარე, საკმაოდ გონივრული და სოციალურად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა მიღებული“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისივე თქმით, სებ-ი ინტენსიურად იმუშავებს „ლიბერთი ბანკთან“ კონკრეტულად ამ გადაწყვეტილების აღსრულების წესზე, თუ რომელი თარიღიდან ამოქმედდება ეს გადაწყვეტილება და რა წესით მოხდება პროცენტების შემცირება.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826