ნათია თურნავა - საქართველოს საბანკო სექტორი გაციფრულებისა და ფინტექებთან თანამშრომლობის თვალსაზრისით რეგიონის ლიდერია
საქართველოში საფინანსო სექტორი არის მდგრადი და შოკებთან მედეგი, რაც 2023 წლის შედეგებმა დაადასტურა, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ განაცხადა.
მისივე შეფასებით, საქართველოს საბანკო სექტორი რეგიონში ლიდერია გაციფრულებისა და ფინტექებთან თანამშრომლობის თვალსაზრისით.
„ჩვენი ბანკები იმდენად ძლიერები არიან, რომ გადიან რეგიონის სხვადასხვა ქვეყნებში. მაგალითად, თიბისი ბანკი წარმოდგენილია უზბეკეთში ციფრული მიმართულებით. საქართველოს ბანკი შევიდა სომხეთში და იქ ერთ-ერთი წამყვანი ბანკი შეიძინა. ასევე სხვა ბანკებიც ძლიერდებიან, საკმარისი კაპიტალიზაციით გამოირჩევიან, საკმაოდ სოლიდური ლიკვიდურობის ბუფერები და მომგებიანობა გააჩნიათ. ეს გვაძლევს საშუალებას ვიფიქროთ, რომ მომავალში ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი გამწევი ძალა იქნება და დარჩება ჩვენი საბანკო სექტორი",- განაცხადა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, რა თქმა უნდა, ფინანსური სექტორის წინაშე არის რიგი გამოწვევებიც, რაც მეტწილად გეოპოლიტიკურ გაურკვევლობას უკავშირდება.
„ჩვენ კვლავაც უნდა გავაძლიეროთ ბუფერები. ჩვენი მხრივ, ვზრდით და ვახდენთ საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაციას, მაგალითად, თუნდაც ოქროს სახით და ეს მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნისთვის, ასევე ეროვნული ბანკისთვის. საფინანსო სექტორისთვის კი ეს არის მეტი კაპიტალიზაცია, მეტი დივერსიფიკაცია და რა თქმა უნდა, ამაში ბანკებს ვეხმარებით", - განაცხადა თურნავამ.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826