ნათია თურნავამ ეკონომიკურ ფორუმში - „საქართველოს საბანკო სექტორის მდგრადობა - გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები“ მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ეკონომიკურ ფორუმში „საქართველოს საბანკო სექტორის მდგრადობა-გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები“ მიიღო მონაწილეობა.
ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე სებ-ის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს საბანკო სექტორის მაჩვენებლებზე, რომელიც მაღალი მდგრადობითა და სწრაფი განვითარებით გამოირჩევა, რაც არაერთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მხრიდან დადებითად არის შეფასებული.
„საქართველოს ფინანსური სისტემა მაღალი გამჭვირვალობით გამოირჩევა. თუ შევხედავთ მის პარამეტრებს და შევადარებთ რეგიონის ან ევროპის ქვეყნებს, ჩვენი ბანკები არიან ერთ-ერთი ყველაზე უკეთ კაპიტალიზებული, გვაქვს ლიკვიდობის სოლიდური ბუფერები, აქტივების მაღალი ხარისხი (უმოქმედო სესხების წილი ისტორიულ მინიმუმზეა-2.5%) და ჯანსაღი მომგებიანობა, რაც მდგრადობის ფუნდამენტური წინაპირობაა. მიმდინარე მდგომარეობით აქტივები 108 მლრდ ლარს აჭარბებს, რაც მშპ-ს 100%-ზე მეტია. ძლიერია საკრედიტო აქტივობაც, ხოლო ანაბრების მოცულობამ თითქმის 70 მლრდ ლარის ექვივალენტს მიაღწია. ნიშანდობლივია, რომ მათ შორის საშუალოდ 20%-25% არარეზიდენტები არიან, რომლებიც ქართულ ბანკებს არჩევენ დანაზოგებისთვის, რაც ისტორიულად მაღალი მაჩვენებელია. ცხადია, ამ შედეგს ქვეყანაში არსებული სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო და ასევე სებ-ის სწორი, ეფექტიანი და დაბალანსებული პოლიტიკა განაპირობებს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საბანკო სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გლობალური ტურბულენტობა, მათ შორის რეგიონშიც საბანკო სექტორის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. მისივე თქმით, ყურადსაღებია ასევე ფინანსურ დოლარიზაციასთან დაკავშირებული სტრუქტურული რისკები.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა ბანკების რეგიონული გაფართოების აუცილებლობას. მისი შეფასებით, რეგიონულ ბაზრებზე გასვლა ქართულ საბანკო სექტორს შესაძლებლობას აძლევს გააფართოოს მომხმარებელთა ბაზა, მოახდინოს შემოსავლების წყაროების დივერსიფიკაცია და შეამციროს მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე დამოკიდებულება.
„ბოლო წლებში საქართველომ რეგიონში ტექნოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ფინანსური სისტემა ჩამოაყალიბა. აღნიშნული დასტურდება იმით, რომ წამყვანი ქართული საბანკო ჯგუფები სულ უფრო აქტიურად აფართოებენ საქმიანობას რეგიონულ ბაზრებზე. ეს პროცესი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ცალკეული ბანკებისთვის, არამედ საქართველოს ფინანსური სექტორის საერთაშორისო პოზიციონირებისთვისაც. ქართული ბანკების წარმატებული რეგიონული გაფართოება აძლიერებს ქვეყნის, როგორც ფინანსური სერვისების ჰაბის რეპუტაციას. ამასთან, იგი ხელს უწყობს რეგიონში ფინანსური კავშირების გაღრმავებასა და საქართველოს ეკონომიკის უფრო მჭიდრო ინტეგრაციას რეგიონულ ბაზრებთან“, - დასძინა ნათია თურნავამ.
პანელურ დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ Lion Finance Group-ის აღმასრულებელი დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე და საქართველოსა და სომხეთში Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტი დავით ზღუდაძე. ღონისძიების მოდერატორი „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს“ და „საქართველოს ეკონომიკური ფორუმის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი იყო.
დისკუსიაში ფორუმის ფორმატში მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, სხვადასხვა კომპანიის ხელმძღვანელები, დამფუძნებლები და პარტნიორები. ასევე აკადემიური და ანალიტიკური სექტორის წარმომადგენლები.
სხვა სიახლეები
საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში ტვირთბრუნვა 21%-ით, ხოლო კონტეინერების გადამუშავების მაჩვენებელი 8%-ით გაიზარდა
21.05.2026.14:56
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სექტორი მნიშვნელოვან ზრდას აჩვენებს. 2026 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში, საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში ჯამურად გადამუშავებული ტვირთების მოცულობამ 5,949,115 ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან 21%-იანი ზრდაა.
ტვირთების საერთო ნაკადის პარალელურად, მზარდი დინამიკა შენარჩუნდა კონტეინერების მიმართულებითაც - საანგარიშო პერიოდში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობამ (TEU) 8%-იანი მატება აჩვენა. 2026 წლის იანვარ-აპრილში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობამ 258,583 TEU შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ ჯამური მაჩვენებლების გაუმჯობესების ფონზე, პოზიტიური ტენდენცია დაფიქსირდა ქვეყნის ყველა საზღვაო ნავსადგურში.
ტვირთების კატეგორიების მიხედვით, მატება ყველა ძირითად სეგმენტში ფიქსირდება, რაც მიუთითებს სატრანზიტო დერეფნის აქტივობის კომპლექსურ განვითარებაზე. საანგარიშო პერიოდში საბორნე ტვირთების მოცულობა გაიზარდა 34%-ით, ხოლო გენერალური ტვირთების მაჩვენებელმა 33%-იანი ზრდა აჩვენა. ამასთანავე, 10%-იანი ზრდა დაფიქსირდა კონტეინერიზებული ტვირთების (ტონებში) მიმართულებით, ხოლო ნაყარი ტვირთების მოცულობა 8%-ით გაიზარდა.
2026 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემები კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს, როგორც რეგიონული ლოგისტიკური ჰაბის, მზარდ სტრატეგიულ როლს საერთაშორისო გადაზიდვებში და ხაზს უსვამს ადგილობრივი საზღვაო ინფრასტრუქტურის ეფექტიან მუშაობას გაზრდილი ტვირთნაკადების მიღებისა და დამუშავების პროცესში.