ნათია თურნავამ კაპიტალის ბაზრის პირველ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
"ჩვენ სრულიად ვაცნობიერებთ კაპიტალის ბაზრის განვითარების აუცილებლობასა და მნიშვნელობას ჩვენი შემდგომი ეკონომიკური განვითარებისთვის", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ, "თიბისი კაპიტალის" მიერ ორგანიზებულ კაპიტალის ბაზრის პირველ საერთაშორისო კონფერენციაზე.
კონფერენციის პანელურ დისკუსიაში მონაწილეობისას ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ბოლო პერიოდში კაპიტალის ბაზრის სწრაფი ტემპით განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება, რაზეც მისი თქმით, მონაწილეთა რაოდენობის, ემიტენტებისა და ინვესტიციების ზრდა მიუთითებს.
"ეროვნული ბანკისა და მთავრობის ჩართულობით, ბოლო წლებში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით. შეიქმნა ძირითადი საკანონმდებლო ბაზა, განხორციელდა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივა. სებ-ი მოქმედებს, არა მხოლოდ როგორც რეგულატორი, ჩვენ ვმოქმედებთ როგორც დეველოპერები - მთავრობის უწყებებთან თანამშრომლობით ვხვეწავთ საკანონმდებლო ჩარჩოს. ეს არის ერთობლივი ამოცანა და ამ მიმართულებით გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია", - განაცხადა ნათია თურნავამ.
"თიბისი კაპიტალის" მიერ ორგანიზებულ კაპიტალის ბაზრის პირველ საერთაშორისო კონფერენციაზე მსოფლიოში წამყვანმა ექსპერტებმა, თიბისი კაპიტალის გუნდთან ერთად, საკუთარი გამოცდილება, ბაზრის ტენდენციები და განვითარების პერსპექტივები გააზიარეს.
"თიბისი კაპიტალის" მიერ გამართულ კონფერენციაში ასევე მონაწილეობდა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე.
კონფერენციაზე, ინდივიდუალური გამოსვლებისა და პანელური დისკუსიების ფარგლებში, ისეთი მნიშვნელოვანი თემები დაიფარა, როგორებიცაა: გლობალურ კონტექსტში, რეგიონული სავალო კაპიტალის ბაზარი და გავლენა საქართველოზე, ევრობონდების რეგიონული ბაზრის პერსპექტივები და 2024 წლის მოლოდინები, ინსტიტუციური მხარდაჭერა კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის, მდგრადი დაფინანსების გლობალური ტენდენციები, არსებული ემიტენტების წარმატებული გამოცდილება და პრაქტიკული რჩევები ობლიგაციების გამოშვების შესაძლებლობებთან დაკავშირებით, აქტივების მართვის პერსპექტივები, კერძო კაპიტალის ინვესტირება საქართველოში და სხვ.
"თიბისი კაპიტალის" ეგიდით, კაპიტალის ბაზრის საერთაშორისო კონფერენცია ყოველწლიურად ჩატარდება.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826