ნათია თურნავამ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ, მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულში მიიღო მონაწილეობა. მან გახსნით ღონისძიებაზე სიტყვის გამოსვლისას, ეროვნული ბანკის, როგორც ქვეყნის საფინანსო სექტორის მარეგულირებლის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტზე, მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სებ-ში ამ მიმართულებით მრავალი წელია აქტიურად მუშაობენ.
"ეროვნული ბანკის ორგანიზებითა და ფინანსური ორგანიზაციების ჩართულობით, მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებების ჩატარების უკვე 13-წლიანი გამოცდილება გვაქვს. ამდენად, მომხმარებლის უფლებების დაცვის დღე და ბოლო წლებში უკვე კვირეული საქართველოს ეროვნული ბანკის აქტიური ჩართულობით აღინიშნება. ამასთან, მსგავსი ტიპის ღონისძიებების ორგანიზება და ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მომხმარებელთა უფლებების დაცვის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვისთვის ასევე, მომხმარებელთა ფინანსური განათლების დონის ამაღლებისთვის. მიხარია, რომ ამ თარიღის ტრადიციულად, ყოველწლიური სახე მიეცა რაც მომხმარებლებს საკუთარი უფლებების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებაში ეხმარება", - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა.
სიტყვის გამოსვლისას ნათია თურნავამ, ცენტრალურის ბანკის მიერ შემუშავებულ ნორმატიულ ბაზაზე ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც მოწესრიგდა მომხმარებლებთან ურთიერთობის ფორმატი და დაინერგა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპები. მისივე თქმით, 2023 წელს ჩამოყალიბდა და აქტიურად ვითარდება საბაზრო ქცევის ზედამხედველობის მიმართულება. მარეგულირებელი აქტებიდან კი აღსანიშნავია მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესი, რომელიც სხვა მოთხოვნებთან ერთად ფინანსური ორგანიზაციებისთვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გამჟღავნების მაღალ სტანდარტს აწესებს. ამასთან, აღნიშნულ მარეგულირებელ აქტში მუდმივად ხდება სექტორში არსებულ გამოწვევებზე და მომხმარებელთა მომართვიანობაზე დაყრდნობით ცვლილებების შეტანა.
"ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის მარეგულირებელი ჩარჩოს ძირითადი პრინციპი მომხმარებლისთვის სწორი და უტყუარი ინფორმაციის მიწოდებაა, რაც ხელს უწყობს მომხმარებლის მხრიდან უფრო მეტად გონივრული ფინანსური გადაწყვეტილების მიღებას. ამდენად, ბაზარზე იქმნება უფრო მეტად გამჭვირვალე და მომხმარებელზე მორგებული პროდუქტები, შესაბამისად, ყალიბდება უფრო მეტად კონკურენტული გარემო", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
საქართველოს ეროვნულ ბანკში ფუნქციონირებს მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის მომხმარებელთა მომართვებზე რეაგირების განყოფილება, რომელიც ყოველდღიურად იღებს მომხმარებლების მომართვებს. ბოლო წლების განმავლობაში მომართვიანობა ზრდის ტენდენციით ხასიათდება, რაც მომხმარებელთა ცნობიერების ზრდის მაჩენებელია. მაგრამ, თურნავას თქმით, ინფორმაციის სათანადო გააზრება და დამუშავება მაინც გამოწვევად რჩება, რისთვისაც, სებ-ში 2023 წელს ფინანსური განათლების მიმართულებით ცალკე დეპარტამენტი ჩამოყალიბდა.
აღსანიშნავია, რომ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტოს შორის განახლებული თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც უწყებებს შორის თანამშრომლობის მეტად მოქნილ და ეფექტიან მექანიზმებს ითვალისწინებს, როგორც კონკურენციის პოლიტიკის, ასევე მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით.
მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეული 11-15 მარტს თბილისში, გურჯაანში, ქუთაისში და ბათუმში გაიმართება. კვირეულის მიზანი მომხმარებლის უფლებების მიმართულებით საზოგადოებრივი ცნობიერების გაძლიერებაა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826