ნათია თურნავამ საქართველოში პირველი ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის ოფიციალური გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
"განვითარებული საინვესტიციო ფონდების ბაზრის არსებობა ქვეყანაში გაზრდის მოთხოვნას საინვესტიციო პროდუქტებსა და სერვისებზე, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდასა და ფინანსური ბაზრების განვითარებას," - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ საქართველოში პირველი ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
ნათია თურნავამ საინვესტიციო ფონდების სექტორის გააქტიურების მიზნით საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, სამთავრობო უწყებებსა და კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, კერძო სექტორისა და ეროვნული ბანკის ძალისხმევით ქვეყანაში ლარის მიმართ ნდობა მზარდია, ახალი ფონდის გახსნა კი ეროვნული ვალუტის მიმართ აღნიშნული ნდობის დასტურია. სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ყურადღება გაამახვილა საინვესტიციო ფონდების შესახებ მარეგულირებელი ჩარჩოს განვითარებისა და დახვეწის საქმეში ეროვნული ბანკის როლზე.
"ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ბაზრის განვითარების ინიციატივებზე. ვიმედოვნებთ, კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით საფუძველს ჩავუყრით საქართველოში საინვესტიციო ფონდების სექტორის სამომავლო განვითარებას," - აღნიშნა ნათია თურნავამ.
"ფორსაითის ლარის ფულადი ბაზრის ფონდი" ახალი ტიპის ფინანსურ პროდუქტს წარმოადგენს, რომელიც საზოგადოებისა და ბიზნესსექტორისთვის ხელმისაწვდომი ფინანსური პროდუქტების სპექტრს კიდევ უფრო აფართოებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების ზედამხედველობას საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებს. ამ ეტაპისთვის, ლიცენზირებულია აქტივების მმართველი მხოლოდ 3 კომპანია - "თიბისი ჯგუფში" შემავალი "თიბისი აქტივების მართვა", "საქართველოს ბანკის" ჯგუფში შემავალი "ბი ოუ ჯი აქტივების მართვა" და "ფორსაითის ლარის ფულადი ბაზრის ფონდის" მმართველი "ფორსაით ინვესტმენტ გრუპი", რომელიც დამოუკიდებელი აქტივების მმართველი კომპანიაა. ამასთან, რეგისტრირებულია 14 საინვესტიციო ფონდი და ავტორიზებულია ერთი საინვესტიციო ფონდი. ხაზგასასმელია, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მხოლოდ ავტორიზებულ საინვესტიციო ფონდს შეუძლია განახორციელოს საჯარო შეთავაზება.
ღონისძიების ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში "საინვესტიციო ფონდების მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ჭრილში", ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე მონაწილეობდა.
"ფორსაითის ლარის ფულადი ბაზრის ფონდი" საქართველოში პირველი ავტორიზებული საინვესტიციო ფონდია, რაც საცალო ინვესტორებისთვის განკუთვნილი მნიშვნელოვანი სიახლე და ახალი ინსტრუმენტია. ეს არის დანაზოგების განთავსების, ინვესტირების ახალი შესაძლებლობა ბაზრისთვის, რაც ეკონომიკაზეც აისახება. ეროვნული ბანკი ახორციელებს საინვესტიციო ფონდების მონიტორინგს და დღეს გახსნილი ფონდიც ასევე ჩვენი ზედამხედველობის ქვეშ მოექცევა," - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, სამთავრობო უწყებებისა და კერძო სექტორის ჩართულობით, კაპიტალის ბაზრის განვითარების მიზნით, რამდენიმე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა. აღნიშნულმა ადგილობრივ ბაზარზე ხელი შეუწყო ახალი ტიპის ფინანსური ინსტიტუტებისა და ინსტრუმენტების დამკვიდრებას.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826