ნათია თურნავამ "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში B2B შეხვედრები გამართა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ, "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში B2B შეხვედრები გამართა.
ერთ-ერთი გლობალური კრიპტო ეკოსისტემის Binance-ის რეგიონალური ბაზრების ხელმძღვანელ რიჩარდ ტენგთან B2B შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კომპანია დაინტერესებულია საქართველოს განვითარებადი ფინტექ გარემოთი. საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო ფინტექ კომპანიების როლს საქართველოს ბაზრის განვითარებასა და ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებულ ახალ რეგულაციებზე.
Elevandi-ის აღმასრულებელ დირექტორთან პატ პატელთან აუდიენციაზე კი მხარეებმა ფინტექის როლის ზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ხაზი გაუსვეს ციფრულ ეკონომიკაში საზოგადოებასა და კერძო სექტორს შორის ღია დიალოგის აუცილებლობას.
აღსანიშნავია, რომ სინგაპურის მონეტარული უწყების მიერ დაფუძნებული კომპანია Elevandi, სინგაპურის ფინტექ ფესტივალის ერთ-ერთი მასპინძელი და ორგანიზატორია.
ფესტივალი 15-17 ნოემბერს გაიმართება, სადაც საქართველოს ეროვნული ბანკი, პარტნიორ ქართულ კომერციულ ბანკებთან და ფინტექ კომპანიებთან ერთადაა მიწვეული. სპეციალურად გამოყოფილ პავილიონში წარმოდგენილი იქნება ეროვნული ბანკის ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით არსებული მიღწევები.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826