ნავთობიმპორტიორებმა საწვავის შემოტანა ალტერნატული ბაზრებიდან უნდა დაიწყონ - ზაალ იაკობიძე
რუსეთიდან საწვავის მოწოდება შეჩერდა, რამაც გამოიწვია დეფიციტი. ნავთობიმპორტიორებმა ვერ მოასწრეს ალტერნატიულ ქვეყნებსა და მომწოდებლებზე გადაწყობა. რა თქმა უნდა არ არის კოლაფსი, მაგრამ შეიქმნა ვითარება, რამაც ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასის ზრდა განაპირობა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანია „სენტა პეტროლიუმის“ მფლობელმა ზაალ იაკობიძემ განუცხადა.
ნავთობიმპოორტიორი რუსეთის ბაზრის ალტერნატივად ევროპის ქვეყნებთან ერთად თურქმენეთს განიხილავს. „ეს შეიძლება იყოს თურქმენეთი, რუმინეთი, საბერძნეთი. ეს ის ქვეყნებია, საიდანაც ხდებოდა ნავთობპროდუქტების შემოტანა ვიდრე რუსეთი მთავარი მომწოდებელი გახდებოდა“, - ამბობს ზაალ იაკობიძე.
მისივე თქმით, „სენტა პეტროლიუმი“ ცდილობს საწვავის შემოტანას ევროპიდან, კერძოდ, რუმინეთიდან. „დაწყებულია მოლაპარაკებები და უნდა განხორციელდეს იმპორტი“, - აღნიშნავს ნავთობიმპორტიორი კომპანიის მფლობელი.
რუსეთი, რომელიც საქართველოში ნავთობპროდუქტების მთავარი იმპორტიორია 21 სექტემბერს საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტზე დროებითი შეზღუდვები დააწესა. სექტემბრის მონაცემებით, გასული თვის იმავე პერიოდთან შედარებით, რუსეთმა ბენზინისა და დიზელის ექსპორტი 30%-ით, 1.7 მილიონ ტონამდე შეამცირა.
„რუსეთში ბენზინისა და დიზელის დეფიციტია, რის გამოც საწვავის ფასებმა მნიშვნელოვნად მოიმატა; ეს გარკვეულწილად უკავშირდება იმას, რომ ამ ქვეყანამ ნავთობის მოპოვება შეამცირა. ბუნებრივია, რუსეთის ამ გადაწყვეტილებას საქართველოს საწვავის ბაზარზე გავლენა ექნება, თუმცა დეფიციტი არ შეიქმნება და ნავთობიმპორტიორები სხვა ბაზრებზე გადაეწყობიან“, - ამბობს იობაშვილი.
რუსეთის გადაწყვეტილებას საქართველოს საწვავის ბაზარზე რეაქცია უკვე მოჰყვა და ქსელში რამდენიმე კომპანიამ რეგულარისა და პრემიუმის საწვავი უკვე გააძვირა.
საქართველოში, ივლისში რუსეთიდან 91,118.32 ტონა $62,437.62 -ის ღირებულების ნავთობპროდუქტები იმპორტირდა. აგვისტოში კი იმპორტმა იკლო და 69,257.72 ტონა შეადგინა, რომლის ღირებულებაც $ 51,700.94 ათასია.
იგივე თემაზე:
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826