ნეტო-აღრიცხვის სისტემაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა გაიზარდა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დანერგილ ნეტო-აღრიცხვის სისტემაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, ნეტო-აღრიცხვაში ჩართულია 1404 სადგური, ხოლო ჯამური დადგმული სიმძლავრე 93 მეგავატს შეადგენს. მათ შორის, სს „თელასის“ ქსელში ჩართულია 365 სადგური ჯამური დადგმული სიმძლავრით 30 მგვტ, ხოლო სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ქსელში - 1039 სადგური, ჯამური დადგმული სიმძლავრით - 63 მგვტ.
სს „თელასის“ ქსელში საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის ჩართულია 202 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური, ხოლო არასაყოფაცხოვრებო მიზნებისთვის - 163 ელექტროსადგური. რაც შეეხება სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ქსელს, საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის ჩართულია 601, ხოლო არასაყოფაცხოვრებო მიზნებისთვის - 438 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური.
განახლებადი ენერგიების გამოყენების მიზნით სემეკის მიერ დანერგილი რეგულაციების შესაბამისად, მომხმარებელს ან მომხმარებელთა ჯგუფს შეუძლია ელექტროენერგია გამოიმუშაოს განახლებადი ენერგიების (მზე, ქარი, წყალი გამოყენებით, ხოლო ჭარბად გამომუშავებული ენერგია მიყიდოს გამანაწილებელი ქსელის მფლობელ კომპანიას.
ნეტო-აღრიცხვა არ წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობას და ჭარბი ელექტროენერგიის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826