OECD-ის შეფასებაში საქართველო 11 მიმართულებით ლიდერობს
საქართველო OECD-ის შეფასებაში „მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსი - 2024" კვლავაც ლიდერია
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) შეფასების „მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსი - 2024" (SME Policy Index - 2024) მე-4 რაუნდის შედეგებით, საქართველო კვლავ ლიდერია და რეიტინგის 12 მიმართულებიდან 11-ში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, პირველ პოზიციას იკავებს.
კვლევის პრეზენტაცია 13 დეკემბერს საფრანგეთის ქალაქ პარიზში OECD-ის ევრაზიის კვირეულის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საქართველოს დელეგაცია დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის ხელმძღვანელობით. კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში, ასევე, მონაწილეობენ სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ცისნამი საბაძე, როგორც საქართველოს მხრიდან OECD-ის აღნიშნული შეფასების ეროვნული კოორდინატორი და სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის კვლევა „მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსი-2024," რომელიც უკვე მეოთხედ მომზადდა, აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნებს აფასებს მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდამჭერი პოლიტიკის „ევროპის მცირე ბიზნესის აქტთან" (Small Business Act for Europe) და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობის თვალსაზრისით.
OECD „მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსის" შეფასებას 4 წელიწადში ერთხელ ახორციელებს და კვლევა ქვეყნებს აფასებს ისეთი 5 მნიშვნელოვანი სფეროს მიხედვით, როგორიცაა: პასუხისმგებლიანი მთავრობა; სამეწარმეო ადამიანური კაპიტალი; ფინანსებზე ხელმისაწვდომობა; ბაზარზე წვდომა; ინოვაციები და ბიზნესის ხელშეწყობა.
აღნიშნული, თავის მხრივ, მოიცავს 12 მიმართულებას, რომელთაგან ჩვენი ქვეყანა ლიდერობს 11 მიმართულებით. 2024 წლის მიმოხილვაში საქართველო საუკეთესო იყო შემდეგი მიმართულებით:
ინსტიტუციური და მარეგულირებელი ჩარჩო; ოპერაციული გარემო; გადახდისუუნარობა და მეორე შანსი; სამეწარმეო სწავლება და ქალთა მეწარმეობა; მცირე და საშუალო მეწარმეობის უნარები; ფინანსებზე ხელმისაწვდომობა; სახელმწიფო შესყიდვები; სტანდარტები და ტექნიკური რეგულაციები; მცირე და საშუალო მეწარმეობის ინტერნაციონალიზაცია; ბიზნესის ხელშემწყობი სერვისები; ინოვაციური პოლიტიკა.
OECD-ის შეფასებაში „მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსი - 2024" აღნიშნულია, რომ „პოსტ COVID-ის სწრაფი ეკონომიკური აღდგენით, გლობალურად არის აღიარებული საქართველოს მაღალი სტანდარტების მარეგულირებელი და ბიზნესგარემო. საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოები სარგებლობენ შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის მარტივი რეგისტრაციით, ელექტრონული მმართველობის სერვისების გაფართოებით, ფინანსებზე გამარტივებული წვდომით და RIA-ს უფრო სისტემური გამოყენებით".
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826