OECD-ს კვლევა ადასტურებს, რომ ჩვენი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა ძალიან მაღალ ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება - ირაკლი ნადარეიშვილი
„საქართველო უპირობო ლიდერად დასახელდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის მცირე და საშუალო ბიზნესის პოლიტიკის ინდექსის შეფასებით ნაწილში. ვფიქრობ, ეს არის კიდევ ერთი ევროპული დასტური, რომ ეკონომიკური პოლიტიკა, ეკონომიკური რეფორმები, რასაც ჩვენი სახელმწიფო ახორციელებს, არის თანმიმდევრული, ეფექტიანი და ინკლუზიური, მიმართული ქვეყანაში სამეწარმეო და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისკენ", - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, რომელიც OECD-ის ევრაზიის კვირეულში მონაწილე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) შეფასების „მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსი 2024" (SME Policy Index - 2024) მე-4 რაუნდის შედეგების პრეზენტაცია დღეს საფრანგეთის დედაქალაქში ევრაზიის კვირეულის ფარგლებში გაიმართა. ორგანიზაციის მიერ პარიზში წარმოდგენილი კვლევის შედეგების თანახმად, რეიტინგის 12 მიმართულებიდან 11-ში საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის პირველ პოზიციას იკავებს და კვლავ ლიდერია.
OECD-ს კვლევა „მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსი" უკვე მეოთხედ მომზადდა, ის ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ტარდება და ქვეყნებს აფასებს შემდეგი კრიტერიუმებით: პასუხისმგებლიანი მთავრობა; სამეწარმეო ადამიანური კაპიტალი; ფინანსებზე ხელმისაწვდომობა; ბაზარზე წვდომა; ინოვაციები და ბიზნესის ხელშეწყობა.
ირაკლი ნადარეიშვილი ინფორმაციით, პარიზში წარმოდგენილ მიმოხილვაში საქართველო საუკეთესო იყო შემდეგი მიმართულებებით: ინსტიტუციური და მარეგულირებელი ჩარჩო, ოპერაციული გარემო, გადახდისუუნარობა და მეორე შანსი, სამეწარმეო სწავლება და ქალთა მეწარმეობა, მცირე და საშუალო მეწარმეობის უნარები, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, სახელმწიფო შესყიდვები, სტანდარტები და ტექნიკური რეგულაციები, მცირე და საშუალო მეწარმეობის ინტერნაციონალიზაცია, ბიზნესის ხელშემწყობი სერვისები და ინოვაციური პოლიტიკა.
„კვლევა ძალიან კომპლექსურია, მოიცავს სხვადასხვა მიმართულებას და ყველა ამ მიმართულებაში საქართველო უპირობო ლიდერია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეკონომიკის ნაწილში, ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილშიც საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. საქართველო ლიდერობს უკრაინას, მოლდოვას, აზერბაიჯანსა და სომხეთთან მიმართებაში კვლევის 12-დან 11 ძირითად პარამეტრში. რაც მთავარია, ეს შედეგები ადასტურებს, რომ ჩვენი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა ძალიან მაღალ ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება", - აცხადებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.
ევრაზიის კვირეულის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებებში ასევე მონაწილეობენ საქართველოს დელეგაციის წევრები - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ცისნამი საბაძე - როგორც საქართველოს მხრიდან OECD-ის აღნიშნული შეფასების ეროვნული კოორდინატორი და სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826