ოფიციალური სავალუტო რეზერვები 2025 წლის დეკემბერში $6.2 მილიარდამდე გაიზარდა, რაც დაახლოებით ოთხი თვის იმპორტის დაფარვას უზრუნველყოფს - EBRD
EBRD-მ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ზრდის მიმართულებით გადახედა. როგორც EBRD-ის მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაციიდან ირკვევა, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5,5%-ით გაიზრდება, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 0,5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. EBRD-ის შეფასებით რეგიონში საქართველოს გარდა 5.5%-ით გაიზრდება სომხეთის ეკონომიკაც.
„საქართველოს ეკონომიკა 2025 წლის სამ კვარტალში წლიურად 7.7 პროცენტით გაიზარდა. ზრდა ძირითადად მომსახურების სექტორებმა უზრუნველყვეს, რაშიც განსაკუთრებული წვლილი ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი (ICT)-მა, განათლებამ, ტრანსპორტირებამ და დასაწყობებამ შეიტანეს. შიდა მოთხოვნას მხარს უჭერდა ხელფასების ზრდა და დაკრედიტების მაღალი ტემპი”, - წერს EBRD-ი.
EBRD-ს პროგნოზის მიხედვით, 2026 წელს
საერთო ინფლაციამ 2025 წელს ცენტრალური ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელს გადააჭარბა და საშუალოდ 3.9 პროცენტი შეადგინა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა წლის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად 8.0 პროცენტზე შეინარჩუნა, ინფლაციის მიზნობრივ ნიშნულამდე დაბრუნების მოლოდინით.
მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ბოლო ოთხი კვარტლის ჯამური მაჩვენებლით, წინა წლის 5.2 პროცენტიდან (მშპ-ს მიმართებით) 2025 წლის მესამე კვარტალში 3.5 პროცენტამდე შემცირდა.
ოფიციალური სავალუტო რეზერვები 2024 წლის ოქტომბერში დაფიქსირებული 4.1 მილიარდი აშშ დოლარის მაჩვენებლიდან 2025 წლის დეკემბერში 6.2 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც დაახლოებით ოთხი თვის იმპორტის დაფარვას უზრუნველყოფს.
რეალური მშპ-ის ზრდა EBRD-ის მიერ 2026 წელს 5.5 პროცენტით, ხოლო 2027 წელს 5.0 პროცენტით არის პროგნოზირებული.
„უძრავი ქონების, ტრანსპორტისა და განახლებადი ენერგიის სფეროებში მასშტაბური საინვესტიციო პროექტების განხორციელებამ შესაძლოა ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო დააჩქაროს“, - აღნიშნულია EBRD-ის საიტზე განთავსებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
კომპანია BP-მ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გლობალურ ენერგეტიკულ რუკაზე საქართველოს წარმოსაჩენად - ინგა ფხალაძე
12.06.2026.18:30
საქართველოს მთავრობის სახელით, გულწრფელ მადლიერებას გამოვხატავთ კომპანია BP-ის მიმართ სამი ათწლეულის განმავლობაში გამორჩეული პარტნიორობისა და ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორსა თუ ზოგად განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ინგა ფხალაძემ კომპანია BP-ს საქართველოში საქმიანობის 30 წლის საიუბილეო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, 1990-იანი წლების შუა პერიოდიდან დღემდე, BP-მ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გლობალურ ენერგეტიკულ რუკაზე საქართველოს წარმოსაჩენად. ინგა ფხალაძის შეფასებით, დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის (WREP) ადრეული განვითარებით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენისა და სამხრეთ კავკასიური მილსადენის (SCP) მშენებლობითა და ექსპლუატაციაში შეყვანით, საქართველოს ძირითად საერთაშორისო ენერგეტიკულ დერეფნებში ინტეგრაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა BP-ის ჩართულობას.
„ამ უმნიშვნელოვანესმა პროექტებმა არამხოლოდ განამტკიცა რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოება, არამედ მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებელიც მოუტანა საქართველოს - მათ ხელი შეუწყვეს ინვესტიციების მოზიდვას, სამუშაო ადგილების შექმნას, ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერას, მილსადენის მარშრუტების გასწვრივ ინფრასტრუქტურის განვითარებასა და, ზოგადად, ადგილობრივი თემების გაძლიერებას. საქართველოს, როგორც საიმედო და სტრატეგიული სატრანზიტო ჰაბის ჩამოყალიბება, მნიშვნელოვანწილად, სწორედ ამ წარმატებული პარტნიორობის შედეგია“ - განაცხადა ინგა ფხალაძემ.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, გლობალური ენერგეტიკული სექტორის განვითარებასთან ერთად, საქართველო კვლავაც იმ ინიციატივების მხარდაჭერის ერთგულია, რომლებიც აძლიერებს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, ხელს უწყობს ინოვაციებს და უფრო მდგრადი ენერგეტიკული მომავლისკენ გადასვლის პროცესს.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.