ონლაინ ვაჭრობა, ლოჯისტიკა - ირაკლი ლექვინაძე იმ სფეროებს ასახელებს, სადაც მომხმარებელთა უფლებები ყველაზე ხშირად ირღვევა
ონლაინ ვაჭრობა, ტექნიკა და ლოჯისტიკა - კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას იმ სფეროებს ასახელებს, სადაც მომხმარებელთა უფლებები ყველაზე ხშირად ირღვევა. სააგენტოს მონაცემებით, საჩივრების 65%-ზე მეტი სწორედ ელექტრონულ კომერციას ეხება, ბოლო პერიოდში კი მკვეთრად იმატა პრეტენზიებმა სატრანსპორტო და მიტანის სერვისების მიმართ.
„გასული წლის ორ თვესთან შედარებით გაორმაგებულია მომართვიანობა. მიმდინარე წლის ორ თვეში ეს არის დაახლოებით 400-მდე განაცხადი. ანუ ეს რას ნიშნავს? ვინც მოგვმართა და საქმის წარმოება დავიწყეთ კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში, რომელიც მომხმარებლების მხრიდან იქნა პრეტენზიის სახით გამოხატული. ახლა შედეგებს რომ შევხედოთ, დაახლოებით 90%-ზე მეტი წყდება მომხმარებლის სასარგებლოდ ამ განაცხადების შემთხვევაში. ბოლო პერიოდში გვაქვს ზრდა, თუნდაც დარღვევების დადასტურების კუთხით, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მცირე მეწარმეა, რომელსაც, ასე ვთქვათ, სანამ გაიაზრებს, რომ პირობითი ვალდებულება შეასრულოს, ან დაეთანხმოს იმ პირობებს რასაც ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებლების სასარგებლოდ, გარკვეული დრო სჭირდება. თუმცა მაინც უმრავლესობა შეთანხმებით სრულდება. თუ ვერ თანხმდებიან მხოლოდ მაშინ მოდიან ჩვენთან და კარგია, რომ უმრავლეს შემთხვევებში შეთანხმებით სრულდება. დაახლოებით 65%-ზე მეტი ონლაინ ვაჭრობის შემთხვევებს ეხება ისევ. ბოლო პერიოდში და ყველაზე ისეთი პროდუქტი არის ტექნიკა და ტანსაცმელი. მაგრამ ბოლო პერიოდში გაზრდილია სატრანსპორტო და ლოჯისტიკური მიმართულებები, ეს გულისხმობს ძირითადად ჩამოტანის დროს ამა თუ იმ კომპანიების მიმართ პრეტენზიებს და ასევე მიტანის სერვისის დროს გამოხატულ სხვადასხვა პრეტენზიებს“, - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826