ოქტომბერში ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე მოვაჭრე ეკონომიკური სუბიექტების ბრუნვის 61.6% თბილისზე მოდიოდა - საქსტატი
2025 წლის ოქტომბერში საქართველოში ფუნქციონირებდა ბაზრების და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული 194 ეკონომიკური სუბიექტი, რომელთა 35.1% ქალაქ თბილისში იყო განთავსებული, 16.5% – იმერეთში, 12.4% – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 11.3% – კახეთის რეგიონში, დანარჩენი 24.7% კი – სხვა რეგიონებში.
ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტებისათვის ყველაზე გავრცელებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა იყო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს), რომლის წილად მოდიოდა მოქმედი ბაზრების და ბაზრობების საერთო რაოდენობის 74.7 %, ხოლო ინდივიდუალური მეწარმეების წილად მოდიოდა 22.2%. დანარჩენი ბაზრები და ბაზრობები საქმიანობდნენ სააქციო საზოგადოების (2.1%) ან კოოპერატივის (1.0 %) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით.
საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ ბაზრებსა და ბაზრობებზე, 2025 წლის ოქტომბერში, საშუალოდ ვაჭრობდა 35.0 ათასი კაცი. ამ მოვაჭრეთა 41.8% ვაჭრობდა ქალაქ თბილისში, 15.7% – იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონში, 9.5 პროცენტი – კახეთში, 8.7% – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 7.0% – შიდა ქართლში, 6.7% – აჭარის ა.რ.-ში, 6.2% – ქვემო ქართლში, 2.4% – მცხეთა-მთიანეთში, 1.1% – სამცხე-ჯავახეთში, ხოლო 0.9% – გურიის რეგიონში.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წლის ოქტომბერში საქართველოს ბაზრებსა და ბაზრობებზე მოვაჭრე ეკონომიკურმა სუბიექტებმა განახორციელეს 384.5 მილონი ლარის ღირებულების სამომხმარებლო საქონელის (ავტომობილების გარდა) რეალიზაცია. რეალიზებული საქონლის ღიებულების 25.9% ტანსაცმლის და ფეხსაცმლის სასაქონლო ჯგუფზე მოდიოდა, 23.3% – ავეჯზე და საოჯახო ნივთებზე, 21.0% – სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე, 11.6% – პირადი ჰიგიენის და სხვა პირადი ნივთების ჯგუფზე, 8.2% – სატრანსპორტო საშუალებების სათადარიგო ნაწილებზე, 6.4% – საცხოვრებლის მოვლა-შეკეთების და უსაფრთხოებისთვის განკუთვნილ სასაქონლო ჯგუფზე, დანარჩენი კი დასვენების სხვა პროდუქტებზე (2.3%), ალკოჰოლურ სასმელებზე და თამბაქოზე (0.6%), საკომუნიკაციო მოწყობილობებზე (0.5%), მედიკამენტებზე და სამედიცინო პროდუქციაზე (0.2%) განაწილდა. 733.8 მილიონი ლარის ოდენობით შეფასდა ავტომობილებით მოვაჭრე ეკონომიკური სუბიექტების სავაჭრო ბრუნვის მოცულობა.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წლის ოქტომბერში ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე მოვაჭრე ეკონომიკური სუბიექტების სავაჭრო ბრუნვის მოცულობის 61.6% ქალაქ თბილისზე მოდიოდა, 15.5% – იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 6.7% – აჭარის ა.რ.-ზე, 4.0% – სამეგრელო-ზემო სვანეთის, 3.9% – ქვემო ქართლის, 3.7% – შიდა ქართლის, 2.1% – კახეთის, 1.8% – სამცხე-ჯავახეთის, 0.4% – გურიის, 0.3% კი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826