ორი დღის განმავლობაში, დაგეგმილი ფრენები ქუთაისის აეროპორტის ნაცვლად, თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში შესრულდება
სექტემბრის დასაწყისში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის სააეროდრომო ინფრასტრუქტურის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ორი დღის განმავლობაში, დაგეგმილი ფრენები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში შესრულდება.
ინფორმაციას ქუთაისის აეროპორტი ავრცელებს.
„რეაბილიტაციის პერიოდი 3 სექტემბრის დილის 07:00 საათიდან, 5 სექტემბრის ღამის 01:00 საათამდე პერიოდში იგეგმება. მგზავრებს ბოდიშს ვუხდით შექმნილი დისკომფორტისთვის. ამ პერიოდში დაგეგმილი გაფრენა/მოფრენის დროები უცვლელია, იცვლება მხოლოდ აეროპორტები“, - აცხადებენ ქუთაისის აეროპორტში.
ავიაკომპანიებმა აეროპორტების ცვლილების შესახებ ინფორმაცია მგზავრებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით უკვე აცნობეს. მგზავრების თბილისიდან ქუთაისისა და ბათუმის მიმართულებით, ასევე ქუთაისიდან და ბათუმიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით გადაყვანას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი კომპანია Omnibus Express • ომნიბუს ექსპრესი უზრუნველყოფს. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სატრანსპორტო კომპანიას.
„2023 წლის 7 თვის მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრთა რეკორდულ მაჩვენებელს მოემსახურა. რეისების მატებასთან ერთად, ფრენების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საჭიროა სააეროდრომო ინფრასტრუქტურის გეგმური სარემონტო სამუშაოების განხორციელება.
ფრენების უსაფრთხოების მიზნით, მუდმივად ხდება საერთაშორისო სტანდარტებისადმი შესაბამისობის შემოწმება. მიმდინარე სარემონტო სამუშაოები წლიური გეგმის მიხედვით განხორციელდება, რაც აეროპორტის გამართული ოპერირების შემადგენელი ნაწილია“,- აცხადებენ ქუთაისის აეროპორტში.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826