ორი კონტინენტის გასაყარზე სტრატეგიული მდებარეობა საქართველოს ევროპა-აზიის დამაკავშირებელ ჰაბად აქცევს - არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრი
„არგენტინა იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც 1919 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა. არგენტინას საქართველოსთან უწყვეტი დიპლომატიური ურთიერთობები აქვს“ - აღნიშნულის შესახებ არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიანა მონდინომ ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის არსებული ტრადიციული მეგობრობა მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება.
არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ორი კონტინენტის გასაყარზე სტრატეგიული მდებარეობა საქართველოს აძლევს შანსს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ხიდად იქცეს და ჰაბის სტატუსი შეიძინოს. როგორც დიანა მონდინომ აღნიშნა, განვითარების გზაზე, საქართველოს ლათინური ამერიკის იმედი უნდა ჰქონდეს.
არგენტინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საქართველოსა და არგენტინას ბევრი რამ აერთიანებს, მათ შორის, ის რომ ორივე ქვეყანას საუკეთესო ღვინო აქვს. „ჩვენ ერთად უნდა ვიმუშავოთ იმისთვის, რომ შევძლოთ თანამშრომლობის ახალი გზებისა და პერსპექტივების დასახვა“ - დასძინა არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის არგენტინის რესპუბლიკაში ვიზიტის აღსანიშნავად, არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოფინეს ისტორიული დეკრეტი, რომლითაც 1919 წელს არგენტინის პრეზიდენტი იპოლიტო ორიგოიენი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობას აღიარებს. არგენტინელმა კოლეგამ, დიანა მონდინომ, ილია დარჩიაშვილს აღნიშნული ისტორიული დოკუმენტების ასლები უსახსოვრა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826