„ორმაგი ნახშირბადის“ მიზნის ფარგლებში, ორ მხარეს შორის თანამშრომლობის უზარმაზარი პოტენციალი არსებობს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ენერგეტიკა - ელჩი
„ორმაგი ნახშირბადის“ მიზნის ფარგლებში, ორ მხარეს შორის თანამშრომლობის უზარმაზარი პოტენციალი არსებობს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ახალი ენერგია, ენერგიის რეზერვი და ელექტროქსელის გაძლიერება, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი ჭოუ ციენი. ელჩმა ინტერვიუში ის სექტორებიც დაასახელა, სადაც საქართველოსა და ჩინეთს თანამშრომლობის ყველაზე დიდი პოტენციალი აქვს.
„ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთშევსებადობის გათვალისწინებით, ჩინეთი მიიჩნევს, რომ თანამშრომლობის შედარებით დიდი პოტენციალი შემდეგ სფეროებშია:
პირველი, სუფთა ენერგია და მწვანე განვითარება. საქართველო ხასიათდება მთიანი რელიეფითა და მდინარეების სიმრავლით, ერთეულ ფართობზე ჰიდროენერგეტიკული რესურსებით ერთ-ერთი წამყვანია მსოფლიოში, იგი ასევე მდიდარია ქარისა და მზის ენერგორესურსებით, თუმცა ელექტროენერგიის ფასი შედარებით მაღალია. ჩინეთის სუფთა ენერგიის ინდუსტრია გლობალური ლიდერია, იგი მსოფლიოში პირველ ადგილზეა ჰიდროელექტროსადგურების, ფოტოელექტრული და ქარის ენერგიის დამონტაჟებული სიმძლავრით, სრულყოფილი სამრეწველო ჯაჭვითა და ხარჯების უპირატესობით. „ორმაგი ნახშირბადის“ მიზნის ფარგლებში, ორ მხარეს შორის თანამშრომლობის უზარმაზარი პოტენციალი არსებობს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ახალი ენერგია, ენერგიის რეზერვი და ელექტროქსელის გაძლიერება.
მეორე, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობა და საკვების გადამუშავება. ჩინეთ-საქართველოს შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება შესაძლებელს ხდის, რომ ღვინო და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე ნულოვანი ტარიფებით შევიდეს. ღვინის ინდუსტრია საქართველოს საყრდენი ინდუსტრიაა, ჩინეთი კი უკვე მისი სიდიდით მეოთხე საექსპორტო ბაზარია. ქართული მინერალური წყალი ჩინეთის ელექტრონული კომერციის პლატფორმებზე გაყიდვების მხრივ საკმაოდ წარმატებულია. გარდა ამისა, 2025 წელს ორმა ქვეყანამ ხელი მოაწერა პროტოკოლს ჩინეთში ექსპორტირებული ქართული თაფლისა და ფრინველის ხორცის შემოწმებისა და კარანტინის შესახებ, რაც მალე შესაძლებელს გახდის ჩინეთში ექსპორტს. საქართველოს უხვი სასოფლო-სამეურნეო რესურსი აქვს, ჩინეთს კი - მსოფლიოში წამყვანი დარგვისა და კულტივირების ტექნოლოგიები. ჩვენს ქვეყნებს შეუძლიათ მემცენარეობის, მეცხოველეობისა და მეთევზეობის სფეროებში ურთიერთგაცვლა და ღირებულებათა ჯაჭვის მხრივ თანამშრომლობის გაღრმავება.
მესამე, ინფრასტრუქტურის განახლება და ლოგისტიკური თანამშრომლობა. საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, იგი აქტიურად მონაწილეობს „შუა დერეფნის“ მშენებლობაში და ხელს უწყობს მის თავსებადობას „სარტყლისა და გზის“ ინიციატივასთან, ახორციელებს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პროექტებს, როგორიცაა მაგისტრალები, რკინიგზა, პორტები და აეროპორტები. ჩინურმა კომპანიებმა წარმოაჩინეს საკუთარი ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები ტექნოლოგიების, დანახარჯებისა და ეფექტურობის მხრივ აშკარა უპირატესობებით. მათ წარმატებული გამოცდილება აქვთ საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციაში, E60 ავტომაგისტრალისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის გზის გაუმჯობესებაში. საქართველოს მიერ საკუთარი თავის ევრაზიის ლოგისტიკურ ცენტრად დამკვიდრებასთან ერთად, ინფრასტრუქტურული კავშირი გრძელვადიან პრიორიტეტად რჩება, რაც ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობისთვის უფრო ფართო სივრცეს ქმნის.
მეოთხე, ციფრული ეკონომიკა და ხელოვნური ინტელექტი. საქართველო ისწრაფვის, გახდეს „ევრაზიის ციფრული ცენტრი“. ჩინეთის ციფრული ეკონომიკა მსოფლიოში მეორე ადგილზეა და მისი ტექნოლოგიები და გამოცდილება ისეთ სფეროებში, როგორიცაა ჭკვიანი ქალაქები, 5G და ხელოვნური ინტელექტი, ხელს შეუწყობს საქართველოს ციფრული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. ორი ქვეყნის შესაბამისმა ორგანოებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმებს ციფრულ ეკონომიკაში საინვესტიციო თანამშრომლობისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რაც ორ ქვეყანას შორის შესაბამის სფეროებში თანამშრომლობისთვის ინსტიტუციურ გარანტიებს უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ჩინეთმა გამოთქვა ინიციატივა გაეროს ფარგლებში საერთაშორისო მეგობრობის ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც კონცენტრირებული იქნება ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების განვითარებაზე და მიესალმება საქართველოს, უახლოეს მომავალში შეუერთდეს მას“, - აღნიშნა ელჩმა.
სხვა სიახლეები
ჩინეთს ცენტრალური ადგილი უკავია საქართველოსთვის, როგორც საექსპორტო ბაზარს - ის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, სავაჭრო ბრუნვა გასულ წელს 2,3 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა და ახლაც სწრაფად იზრდება | ირაკლი ნადარეიშვილი CGTN-თან ინტერვიუში
11.09.2026.18:29
„ტექნოლოგიური კომპანიებისთვის გვაქვს სპეციალური მარეგულირებელი და საგადასახადო რეჟიმი, რისგანაც მრავალი საერთაშორისო კომპანია უკვე იღებს სარგებელს - შესაბამისად, ველოდებით ქართული ტექნოლოგიური კომპანიების შეხვედრას ჩინელ კოლეგებთან", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა ჩინურ ტელეარხ CGTN-ისთვის (China Global Television Network) მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, სადაც საქართველოს ჩინეთის მომსახურებით ვაჭრობის საერთაშორისო გამოფენაში CIFTIS-ში მონაწილეობასა და ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ირაკლი ნადარეიშვილმა აღნიშნა, რომ CIFTIS-ში მონაწილეობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გამოცდილების გაზიარებისთვის, არამედ კონტაქტების დამყარებისა და ახალი პარტნიორობების ჩამოყალიბებისთვისაც.
„მოუთმენლად ველოდებით, რომ ქართული ბიზნესი და კერძო სექტორი ახალ პარტნიორებს შეხვდება. მაგალითად, IT და ტექნოლოგიების სექტორს თუ ავიღებთ, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეს საქართველოსთვის ძალიან საინტერესო წარმატების ისტორიად იქცა, ვინაიდან თითქმის ნულოვანი ნიშნულიდან განვითარდა და დღეს საქართველოს მშპ-ის (GDP) თითქმის 10%-ს შეადგენს. ტექნოლოგიური კომპანიებისთვის გვაქვს სპეციალური მარეგულირებელი და საგადასახადო რეჟიმი, რისგანაც მრავალი საერთაშორისო კომპანია უკვე იღებს სარგებელს. შესაბამისად, ველოდებით ქართული ტექნოლოგიური კომპანიების შეხვედრას ჩინელ კოლეგებთან", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
მინისტრის მოადგილემ CGTN-თან ინტერვიუში განმარტა, რომ საქართველო CIFTIS-ში მონაწილეობას პირველად იღებს. მანვე იმ შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც ეს პლატფორმა მონაწილე კომპანიებსა და ქვეყნებს სთავაზობს.
ირაკლი ნადარეიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზე და აღნიშნა, რომ ჩინეთს, როგორც საექსპორტო ბაზარს, საქართველოსთვის ცენტრალური ადგილი უკავია.
„უპირველეს ყოვლისა, ეს ერთ-ერთი უდიდესი ბაზარია, საქართველოს კი ნამდვილად სჭირდება ბაზრების დივერსიფიკაცია ერთი კონკრეტული რეგიონიდან უფრო ფართო გეოგრაფიაზე. ჩინეთი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, სავაჭრო ბრუნვა გასულ წელს 2,3 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა და ახლაც სწრაფად იზრდება. როდესაც CIFTIS-სა და მომსახურების სექტორზე ვსაუბრობთ, ვფიქრობ, ეს ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობას კიდევ ერთ ახალ განზომილებას შემატებს, რათა ანალოგიურად ვიმუშაოთ მომსახურების სფეროს განვითარებაზე, ექსპორტსა და ინვესტიციებზე. სწორედ ამის მიღწევას ველით ამ ღონისძიებიდან და ზოგადად, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგიდან", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა ჩინურ ტელეარხთან საუბრისას.