ოთარ შამუგია საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვდა
შეხვედრა საქართველოს ბიზნესასოციაციის მიერ იყო ორგანიზებული და მასში მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის უკვე წლებია ეფექტიანი კომუნიკაცია და თანამშრომლობა არსებობს, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია.
„ჩვენ ახლა ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინში ვართ. ევროკავშირის სტატუსი ერთიანი მონაპოვარი იქნება, რომლის შემდეგ, კიდევ არაერთი რეფორმის განხორციელება და ახალი რეგულაციის დანერგვა მოგვიწევს. ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეთანხმებული უნდა იყოს თქვენთან, ბიზნესწრეებთან, რაც სწორი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მნიშვნელოვანი კომპონენტია'',- განაცხადა ოთარ შამუგიამ.
შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა. სამინისტროს წარმომადგენლებმა სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ასოციაციის წევრები დაინტერესდნენ ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვის საკითხებით, რაშიც ბიზნესწრეების ჩართულობისა და მათი პოზიციების გათვალისწინების მნიშვნელობას გაესვა ხაზი. შეხვედრაზე საუბარი შეეხო აგროდაზღვევის პროგრამას, სეტყვის საწინააღმდეგო თანამედროვე სისტემების გამოყენების მნიშვნელობას და სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების საკითხებს, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშემწყობ სახელმწიფო პროგრამას.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, მოადგილე თენგიზ ნასარიძე, სოფლის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი დავით წითლიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების წარმომადგენლები.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826