"ოცნების ქალაქის" მეორე ეტაპის მშენებლობისთვის საჭირო პროცედურები დაიწყო - აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
"ოცნების ქალაქის" მეორე ეტაპის მშენებლობისთვის საჭირო პროცედურები დაიწყო. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის ბაზრის კვლევა გამოცხადდა.
"ოცნების ქალაქის" მეორე ეტაპის მშენებლობის ფარგლებში, ტერიტორიაზე 9 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი აშენდება, სადაც ჯამში 1077 ბინა მოეწყობა.
პროექტის მიხედვით, მესაკუთრეებს, კეთილმოწყობილი საცხოვრებელი ბინები გადაეცემათ. შენობებში გაზიფიცირების და ყველა სხვა საინჟინრო კომუნალური სისტემა მოეწყობა. სახლების ეზოების გამწვანება და სრულად კეთილმოწყობა განხორციელდება.
ქალაქ ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის N88 გამზირზე მშენებლობა 36 თვეში დასრულდება.
სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოების ღირებულება დაახლოებით 112 236 484 ლარს შეადგენს.
ბაზრის კვლევაში დაინტერესებულ პირებს წინადადების წარდგენა შეუძლიათ არაუგვიანეს 2024 წლის 31 ოქტომბრისა.
"ოცნების ქალაქის" ტერიტორიაზე, პროექტის პირველ ეტაპზე, სამი 12-სართულიანი სახლი უკვე აშენდა. 582 ოჯახს ბინა საკუთრებაში გადაეცა. პროექტის მეორე ეტაპზე,საცხოვრებელი სახლების მშენებლობასთან ერთად, საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი დანიშნულების ცენტრები და რეკრეაციული სივრცეები შეიქმნება.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826