პაატა კვიჟინაძე სებ-ის საბჭოს წევრებთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე: კანდიდატურა წარმოდგენილია და კანონში არ არის არანაირი მექანიზმი, რომლითაც შესაძლებელია მისი გაწვევა
კანდიდატურა წარმოდგენილია და კანონში არ არის არანაირი მექანიზმი, რომლითაც მისი გაწვევა შეიძლებოდეს. სამწუხაროა, რომ დღეს არ ბრძანდებიან კანდიდატები, - ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ პრეზიდენტის იმ გადაწყვეტილების საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად თეიმურაზ ხომერიკის და ნანა ყეინიშვილის წარდგენაზე უარს აცხადებს, სანამ ნათია თურნავას 2023 წლის 19 სექტემბრის ბრძანება არ გაუქმდება.
როგორც კვიჟინაძემ აღნიშნა, კომიტეტის სხდომის ჩასატარებლად კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა შესრულდა, შესაბამისად, სხდომა უნდა ჩატარდეს.
მისივე თქმით, სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატების მიერ სხდომაზე დაუსწრებლობის გამო, კომიტეტი მათზე უარყოფით დასკვნას დაწერს.
"ჩვენ კომიტეტი უნდა ჩავატაროთ. თუ არ მოვიდნენ არ დაგვაფასეს, წინადადება მექნება, უარყოფითი დასკვნა დავწეროთ. ჩვენ თავის დროზე კანონით გათვალისწინებული დროით სამი დღის ადრე დავდეთ საიტზე, შევატყობინეთ ადმინისტრაციას მივიღეთ თანხმობა, რომ ჩატარებულიყო დღეს ეს სხდომა. ანუ ყველა კანონი დაცულია.
ჩვენ გვაქვს ორი კვირა დასამტკიცებლად კანონმდებლობით, ერთი კვირა უკვე გასულია, ამიტომ ჩვენ ამ კომიტეტს ვერ გადავდებთ. როგორც მოიქცნენ კანდიდატები ისეთი პასუხი გავცეთ. რაც შეეხება შემდეგში განხილვას ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა, მას შეუძლია ხვალვე წარმოადგინოს ახალი კანდიდატები და განხილვაში შევიდეს. ამას ჩვენ ვერ ავყვებით, არ მინდა შეთქმულების თეორიებში ვისაუბრო. ჩავატაროთ კომიტეტი, მივიღოთ გადაწყვეტილება, ჩემი წინადადებაა უარყოფითი", - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826