პაპუნა ლეჟავამ მდგრადი დაფინანსების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეროვნული ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და საერთაშორისო სავაჭრო პალატის ორგანიზებით კონფერენცია "მწვანე დაფინანსება მდგრადი განვითარებისთვის" გაიმართა.
ღონისძიება მიზნად ისახავდა ქვეყნის მდგრად განვითარებასა და დაბალი ემისიის ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში მწვანე დაფინანსების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის და შესაბამისი რეგულაციის მოსალოდნელი ეფექტების განხილვას. ღონისძიების მონაწილეებმა ვრცლად ისაუბრეს იმ ძირითადი რისკების, გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ, რომლებიც კლიმატის ცვლილებების შერბილებისა და მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში შეიძლება კერძო სექტორსა და საბანკო სისტემაში წარმოიშვას.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ ღონისძიების მონაწილეებთან ეროვნული ბანკის მიერ მდგრადი დაფინანსების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა:
"საქართველოს ეროვნული ბანკი მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს შემუშავებაზე 2017 წლიდან მუშაობს, რითაც ქვეყნის ფინანსურ სისტემაში გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) საკითხების ინტეგრაციას უწყობს ხელს. ჩარჩოს მიზანია ფინანსურ ინსტიტუტებს შორის გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის პრაქტიკის წახალისება დ ამით მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და ფინანსური სექტორის სტაბილურობის გაძლიერება. ჩარჩო აერთიანებს რიგ ინიციატივებსა და ღონისძიებებს, რომლებიც საქართველოში მდგრადი დაფინანსების განვითარებისკენაა მიმართული. ეს მოიცავს ESG საკითხების ინტეგრირებას კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის კოდექსში, ფინანსური ინსტიტუტებისთვის ESG რისკის მართვისა და გამჟღავნების შესახებ სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავებას, მდგრადი ეკონომიკური საქმიანობის კლასიფიკაციის საერთო ენისა და ჩარჩოს შესაქმნელად მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის დანერგვას და დაინტერესებულ მხარეებს შორის მდგრადი დაფინანსების შესახებ ცნობიერების ზრდასა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას", - განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826