პასკა რითეილმა გააძვირა, ფასნამატი 50%-ია - „ტკბილი ქვეყანა“
კომპანია „ტკბილი ქვეყნის“ გაყიდვების მენეჯერი კახა ყრუაშვილი Business Insider Georgia - თან ამბობს, რომ სააღდგომოდ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი პასკა მომხმარებელს რითეილსექტორმა გაუძვირა, რომელიც პროდუქტს 50%-იანი ფასნამატით ჰყიდის.
„სავაჭრო ობიექტებმა იციან, რომ მაღალი მოთხოვნაა და პასკას ნებისმიერ ფასში გაყიდიან, ამიტომ დიდი ფასნამატით ვაჭრობენ. ჩვენ არ გვაქვს უფლება და სხვის ბიზნესში ვერ ჩავერევით, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ „ტკბილი ქვეყანა“ პასკას ძვირად არ ყიდის.
ფასები მიმდინარე სეზონზე 3-4%-ით დავაკორექტირეთ. ძალიან ცუდი ტენდენციაა, როცა სავაჭრო ქსელებში 11.90 ლარად შესული პროდუქტი 18 ლარად იყიდება. 50%-იანი ფასნამატია, სინამდვილეში პასკა ასეთი ძვირი არ უნდა ღირდეს, მაგრამ რაც ამ მხრივ ქსელურ მარკეტებში ხდება, კატასტროფაა“, - ამბობს კახა ყრუაშვილი.
მისი თქმით, გაძვირების მიუხედავად წელს პასკებზე ძალიან დიდი მოთხოვნაა. 2022 წელს სააღდგომოდ „ტკბილმა ქვეყანამ“ 465 000 პასკა აწარმოა. ამ ეტაპზე მაჩვენებელი უკვე 500 000-ს აჭარბებს.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826