„პეივ ბანკი“ - საქართველო ჩვენთვის მიმზიდველი ქვეყანაა, რადგან ციფრული რეგულირების ლიდერია
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ციფრული ბანკის ლიცენზირების პრინციპების გათვალისწინებით, სს "პეივ ჯორჯიაზე" საბანკო საქმიანობის ლიცენზია გასცა. შედაგად, საქართველოში ოპერირებას მსოფლიოში პირველი პროგრამირებადი ბანკი დაიწყებს. „პეივ ბანკის“ საქმიანობასთან და საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს გამოცემა „ფორბსი“, რომელიც წერს, რომ სინგაპურში დაფუძნებული სტარტაპი კლიენტების მიღებას მომავალი წლის პირველ კვარტალში გეგმავს. „აღმოსავლეთ ევროპის ეს ქვეყანა მიმზიდველია, რადგან ის ციფრული რეგულირების პიონერი გახდა“, - აცხადებს „პეივ ჯორჯიას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი სალიმ დანანი. "პეივ ჯორჯიას" დამფუძნებლებად გვევლინებიან ფინანსურ სექტორში ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი სართაშორისო გამოცდილების მქონე აქციონერები. სხვადასხვა დროს ისინი მუშაობდნენ ისეთ კომპანიებსა და ორგანიზაციებში, როგორიცაა მსოფლიო ბანკი, Monzo ბანკი, HSBC, Carta Worldwide, ფინტექ კომპანია Big Pay, BT Group და სხვა. გარდა ამისა, მათ საქმიანი ურთიერთობა აკავშირებთ ისეთ მსხვილ და ცნობილ ფონდებთან, როგორებიცაა Quona Capital, FT Partners, BR Capital, w3.Fund და სხვა ენჯელ ინვესტორები. „პეივმა“ 5.2 მილიონი საწყისი ინვესტიცია მოიზიდა. „როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ბანკისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქართველოს სტრატეგიული მდებარეობაა – ევროპას, ახლო აღმოსავლეთსა და აზიას შორის, მჭიდრო კავშირებით ევროკავშირთან. Pave Bank-ი აღნიშნავს, რომ საქართველო რეგიონში ფინანსური მომსახურების ცენტრად გადაქცევისკენ მიისწრაფვის, ძლიერი და გამჭვირვალე მარეგულირებელი არქიტექტურა კი ქვეყანას ბიზნესებისთვის მიმზიდველ ადგილად აქცევს“, - წერს კიდევ ერთი უცხოური გამოცემა The Fintech Times. Pave Bank-ი მსოფლიოში პირველი სრულად რეგულირებადი კომერციული ბანკია, რომელიც მომხმარებელს საუკეთესო საბანკო პროდუქტების გარდა, მრავალაქტივიან მფლობელობაზე (აერთიანებს აქტივების კლასებს, როგორიცაა ნაღდი ფული, აქციები ან ფიქსირებული შემოსავალი), ვირტუალურ IBAN-ზე, ანგარიშების დაცვასა და PaveNet-ზე წვდომასაც სთავაზობს. საუკეთესო საბანკო პროდუქტებში კი, მრავალვალუტიანი ოპერაციული ანგარიშები, გლობალური საგადასახადო კავშირი და ხაზინის მართვის გადაწყვეტილებები შედის.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826