პერსპექტივა, მაღალი დოლარიზაცია, მცირე საბაზრო წილი, საოპერაციო ეფექტიანობა, მომგებიანობის მოსალოდნელი შემცირება | რას წერს Fitch Ratings „პროკრედიტ ბანკის“ შესახებ
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა „პროკრედიტ ბანკის“ (საქართველო) გრძელვადიანი ემიტენტის დეფოლტის რეიტინგების (IDR) პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა და რეიტინგები „BB+“ დონეზე დაადასტურა.
Fitch Ratings-ის შეფასებაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა „პროკრედიტ ბანკის“ საკრედიტო პორტფელის მაღალ დოლარიზაციას, შეზღუდულ საბაზრო პოზიციებსა და მსხვილ ბანკებთან კონკურენციას.
„პროკრედიტ ბანკის საკრედიტო პორტფელი მაღალი დოლარიზაციით ხასიათდება (2026 წლის პირველი ნახევრის ბოლოს სესხების 65% უცხოურ ვალუტაში იყო დენომინირებული), რაც მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაზე ფოკუსირებითა და საცალო დაკრედიტების შეზღუდული მასშტაბით არის განპირობებული. აღნიშნული მაჩვენებელი ყველაზე მაღალია საქართველოში Fitch-ის მიერ შეფასებულ ბანკებს შორის და აღემატება საბანკო სექტორის საშუალო მაჩვენებელს, რომელიც 42%-ს შეადგენს“, - აღნიშნულია Fitch Ratings-ის შეფასებაში.
სააგენტოს ინფორმაციით, „პროკრედიტ ბანკი“ საქართველოში მოქმედ 17 ბანკს შორის აქტივების მოცულობით მეშვიდე ადგილზეა და 2026 წლის პირველი ნახევრის ბოლოს საბანკო სექტორის აქტივების მხოლოდ 2%-ს ფლობდა.
Fitch Ratings-ი აღნიშნავს, რომ „პროკრედიტ ბანკის“ რეიტინგები მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია მისი ერთადერთი აქციონერის, ProCredit Holding AG-ის (BBB/სტაბილური), პოტენციურ მხარდაჭერაზე.
„ეს რისკები უკიდურესი მაკროეკონომიკური და სუვერენული სტრესის შემთხვევაში შესაძლოა ზღუდავდეს „პროკრედიტ ბანკის“ შესაძლებლობას, მოემსახუროს საკუთარ ვალდებულებებს, ან მშობელი კომპანიის მზაობას, გაუწიოს მას მხარდაჭერა, ან ორივეს ერთდროულად“, - აღნიშნავს Fitch Ratings-ი.
სხვა სიახლეები
საქართველოს ეკონომიკური ფორუმის პლატფორმას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს - შოთა ბერეკაშვილი
13.11.2026.10:40
„ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს“ ორგანიზებით, საქართველოს ეკონომიკური ფორუმი გაიმართა, რომელიც საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის ახალ შესაძლებლობებზე მსჯელობას დაეთმო.
ფორუმის მონაწილეებს სიტყვით პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა მიმართა, რომელმაც ჯანმრთელობის დაზღვევისა და ზოგადად სადაზღვევო ბაზრის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მდგრადი, კონკურენტუნარიანი და სანდო სადაზღვევო სისტემა არა მხოლოდ ეფექტიანი ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის განხორციელების, არამედ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
„ჩვენი მთავარი მიზანი მოქალაქეებისთვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ჯანმრთელობის დაცვის სერვისების უზრუნველყოფაა. ეს არის ორი უაღრესად მნიშვნელოვანი მიზანი, რომელსაც ემსახურება როგორც ჯანმრთელობის დაცვის, ისე სადაზღვევო სექტორების განვითარება. როგორ მივაღწიოთ ამ მიზნებს და რა პირობები უნდა შევქმნათ იმისთვის, რომ მოქალაქეებს ხარისხიანი ჯანმრთელობის დაცვის სერვისი ჰქონდეთ? ამისთვის აუცილებელია სამი ძირითადი მიმართულების არსებობა: უფრო მეტი კონკურენცია სადაზღვევო სექტორში, პროცესების გამჭვირვალობა და სიმარტივე და მოსახლეობის მეტი ინფორმირებულობა“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნული მიზნების მისაღწევად პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი ყოველთვის მზად არის, ხელი შეუწყოს საკანონმდებლო ჩარჩოს შემდგომ დახვეწას და სადაზღვევო კომპანიების პასუხისმგებლობაა, მომხმარებლებს მიაწოდონ მკაფიო, ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია სადაზღვევო პროდუქტების პირობებისა და იმ მომსახურების შესახებ, რომლის მიღების მოლოდინიც მათ კონკრეტული სადაზღვევო პოლისის შეძენისას უნდა ჰქონდეთ.
„ბაზარზე შესაძლოა სხვადასხვა სადაზღვევო პროდუქტი არსებობდეს, თუმცა მომხმარებლებს მათ შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ ჰქონდეთ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ კონკურენციის მექანიზმებმა ეფექტიანად იმუშაოს და მომხმარებლებს სრული ინფორმაცია ჰქონდეთ არსებული პროდუქტებისა და მათი პირობების შესახებ. ამისთვის აუცილებელია მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა და ციფრული პლატფორმების ფართოდ გამოყენება. მოვუწოდებთ ბიზნესს, უფრო აქტიურად იზრუნოს მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე და მეტი რესურსი მიმართოს ამ მიმართულებით. თანამედროვე სისტემების დანერგვა და შესაბამისი ციფრული პლატფორმების განვითარება საოპერაციო ხარჯებსაც მნიშვნელოვნად ამცირებს, რაც ბიზნესს უფრო მოქნილსა და ეფექტიანს ხდის“, – აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო და კერძო დაზღვევის ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, სახელმწიფო დაზღვევა საბაზისო სადაზღვევო მომსახურებას უნდა უზრუნველყოფდეს, ხოლო კერძო დაზღვევა მოქალაქეებს დამატებით შესაძლებლობებსა და მომსახურებებს სთავაზობდეს. ასეთი მიდგომა გამორიცხავს გადაფარვას და ქმნის საფუძველს, რომ ორივე კომპონენტმა ერთმანეთი შეავსოს, რაც საბოლოოდ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფო და კერძო დაზღვევა უნდა განიხილებოდეს არა როგორც კონკურენტული, არამედ როგორც ურთიერთშემავსებელი და ერთმანეთის მხარდამჭერი სისტემები.
ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე მიესალმნენ.
ეკონომიკურ ფორუმს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე სადაზღვევო, საფინანსო და ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.