„პეტრა სი რეზორტის" პროექტი რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ინვესტიციით განხორციელდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა გენადი არველაძემ და ნინო ენუქიძემ ციხისძირში, ახალი მრავალფუნქციური კომპლექსის „პეტრა სი რეზორტის" მშენებლობის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.
„პეტრა სი რეზორტის" პროექტში რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. კომპლექსი 42 შენობას მოიცავს, რეზორტის ცენტრალურ შენობაში 150 ნომრიანი 5 ვარსკვლავიანი ბრენდული სასტუმრო განთავსდება. პროექტის გამორჩეული არქიტექტურის მქონე და ყველაზე მაღალ 54 სართულიან შენობას კი 1000 ბრენდული რეზიდენცია დაიკავებს.
რეზორტის მხოლოდ 30 %-ზე განთავსდება შენობები, ხოლო კომპლექსის მთლიანი ფართის 70%-ს ინსფრასტრუქტურა და რეკრეაციული ზონები დაიკავებს. აქვე აღსანიშნავია, რომ მთლიანობაში კომპლექსი ენერგოეფექტურობის პრინციპებზე დაფუძნებული სივრცე იქნება, რომლის დიდი ნაწილს რეკრეაციული ზონები დაიკავებს.
კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპი 2025 წლის ბოლოსკენ დასრულდება.
„საქართველოს, კერძოდ აჭარის რეგიონს კიდევ ერთი, საერთაშორისო დონისა და მასშტაბის მრავალფუნქციური კომპლექსი შეემატება, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს რეგიონში ტურიზმისთვის დამატებითი ინფრასტრუქტურის შექმნასა და ტურისტების მოზიდვას. გარდა იმისა, რომ აღნიშნული კომპლექსი რეგიონში ერთ-ერთი მსხვილი საინვესტიციო პროექტი იქნება, ის შექმნის ასობით ახალ სამუშაო ადგილს, რაც ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. დარწმუნებული ვარ, „პეტრა სი რეზორტი" ერთნაირად საყვარელი ადგილი გახდება როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტებისა და ვიზიტორებისთვის.", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826