პირადად ჩემთვის კარიერის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროექტია - ყველაზე მეტად ის გამოწვევა მხიბლავს, რომ რეკრეაციული სივრცის გარშემო შეიქმნას გამწვანებული, ტყის ტიპის საცხოვრებელი გარემო, რაც ამ ადგილს განსაკუთრებულ ხასიათს შესძენს | „იგლ ჰილსის“ პროექტის საპროექტო მენეჯერი კრისტიან აბრაჰამსენი
„იგლ ჰილსის“ პროექტის საპროექტო მენეჯერი კრისტიან აბრაჰამსენი პროექტის მნიშვნელობასა და განსაკუთრებულობაზე საზოგადოებას პრეზენტაციაზე ესაუბრა.
„აქ ვხედავთ რეკრეაციულ ზოლს, რომელიც მდინარესა და სანაპიროს შორის იქნება. ეს პირადად ჩემთვის კარიერის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროექტია. ყველაზე მეტად ის გამოწვევა მხიბლავს, რომ რეკრეაციული სივრცის გარშემო შეიქმნას გამწვანებული, ტყის ტიპის საცხოვრებელი გარემო, რაც ამ ადგილს განსაკუთრებულ ხასიათს შესძენს. ამგვარი მწვანე და ეკოლოგიურად მდგრადი გარემო უფრო კომფორტული იქნება როგორც მოსახლეობისთვის, ისე სტუმრებისთვის. ამ თვალსაზრისით გარდაბნის სანაპიროს პროექტი უნიკალურია და შესაძლოა სხვა ქალაქებისთვისაც ერთგვარ მაგალითად იქცეს.
ვფიქრობ, რომ საქართველოში ხეებითა და გამწვანებით ინტეგრირებული ურბანული განვითარება მომავლის თემაა. მიმდებარე ტერიტორიაზე შესაძლოა საჭირო გახდეს არსებული მცენარეების ნაწილის გადაადგილება. ასეთ შემთხვევაში, სადაც ეს შესაძლებელი იქნება, მათ დროებით სანერგეში გადაიტანენ, შემდეგ კი ისევ ადგილზე დააბრუნებენ და დარგავენ“, - აღნიშნა „იგლ ჰილსის“ პროექტის საპროექტო მენეჯერმა.
როგორ გეგმავს „იგლ ჰილსი“ მასშტაბური პროექტის განხორციელებისთვის თბილისსა და გარდაბანში ტერიტორიის განვითარებას; რა ინფრასტრუქტურის, საზოგადოებრივი და დასასვენებელი სივრცეების მოწყობაა გათვალისწინებული, ეს დაინტერესებულ საზოგადოებას განაშენიანების კონცეფციის საჯარო განხილვაზე დღეს გააცნეს.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826