პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 3 კომპონენტს აერთიანებს, ესენია სააქციო კაპიტალი, რეინვესტიცია და სავალო ვალდებულებები და აღნიშნულ მაჩვენებლებს საერთაშორისო მეთოდოლოგიების შესაბამისად ვითვლით - გოგიტა თოდრაძე
2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა დაახლოებით 48%-იანი ზრდა აჩვენა და აბსოლუტური მაჩვენებელი 271 მილიონ ამერიკულ დოლარს აჭარბებს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები დიდი ბრიტანეთი, აშშ და ნიდერლანდებია, ხოლო ყველაზე მეტი ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო სექტორში განხორციელდა, რომლის წილმაც 46%-ს გადააჭარბა.
„რაც შეეხება სექტორებს, დაახლოებით 46% და უფრო მეტი მოდის, ისეთ სექტორზე, როგორიცაა, მაგალითად, საფინანსო და სადაზღვევო სექტორი. მეორე ადგილზე 18%-იანი წილით არის უძრავი ქონებით ოპერაციების სექტორი. მნიშვნელოვანია ის, რომ დაახლოებით 2.8-ჯერ გაიზარდა კომპონენტების მიხედვით თუ გავაანალიზებთ სააქციო კაპიტალის მაჩვენებელი და გაუმჯობესებულია ასევე სავალო ვალდებულებები, რაც ინვესტიციების ზრდის ერთ-ერთ მიზეზად გვევლინება“, - აღნიშნა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა.
გოგიტა თოდრაძე აცხადებს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკა საქართველოში კომპანიების კვარტალური გამოკვლევისა და ეროვნული ბანკის მონაცემების საფუძველზე იანგარიშება.
„ყველა შესაძლო კომპანიასთან იგზავნება კითხვარი, რომელიც შესაძლოა ინვესტიციის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წყარო იყოს. გარდა ამისა ვიყენებთ ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროებს საქართველოს ეროვნული ბანკიდან და შესაბამისად ვითვლით ამ მაჩვენებელს კომპონენტების მიხედვით. როგორც მოგეხსენებათ სამ კომპონენტს აერთიანებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ეს გახლავთ სააქციო კაპიტალი, რეინვესტიცია და სავალო ვალდებულებები და აღნიშნულ მაჩვენებლებს, ყოველკვარტალური პერიოდულობით ვითვლით ამ საერთაშორისო მეთოდოლოგიების შესაბამისად“, - ამბობს თოდრაძე.
სხვა სიახლეები
საქსტატის სანდოობა იმითაც განისაზღვრება, რომ ჩვენი თანამშრომლები უშუალოდ არიან ჩართული საერთაშორისო მეთოდოლოგიების შემუშავების პროცესში - გოგიტა თოდრაძე
10.06.2026.12:40
საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით, საქართველოში აბსოლუტური სიღარიბის დონე ბოლო პერიოდში რამდენიმე პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო მოსახლეობის ცხოვრების დონის შესაფასებლად საქსტატი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის არაერთ მაჩვენებელს, მათ შორის ფარდობით სიღარიბესა და ჯინის ინდექსს ითვლის.
მისივე თქმით, ასევე არის ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებლები, რომლებიც უთანასწორობის საზომია და ასევე ჯინის ინდექსი, რომელიც შემოსავლების დიფერენციაციას ზომავს.
„რაც შეეხება აბსოლუტური სიღარიბის დონეს - უპირველეს ყოვლისა იანგარიშება აბსოლუტური სიღარიბის ზღვარი, მთელი რიგი დეტალური მეთოდოლოგია გვაქვს წარმოდგენილი და ამ ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანები, მათი პროცენტული წილი მთელ მოსახლეობაში განისაზღვრება როგორც აბსოლუტური სიღარიბის დონის მაჩვენებელი. გარდა ამისა არსებობს საერთაშორისო სიღარიბის ზღვარი. მაგალითად 3 დოლარზე ნაკლებს ვინც ხარჯავს მსყიდველობითი უნარის პარიტეტის გათვალისწინებით, ასევე 4.6 და 8.3 დოლარზე ნაკლებს ვინც ხარჯავს. შესაბამისად ეს მსოფლიო ბანკის სტანდარტია და ამ მეთოდითაც ჩვენ ვითვლით ამ მაჩვენებლებს. მოკლედ მთელი რიგი მაჩვენებლები რაც კი არსებობს საერთაშორისო პრაქტიკაში იწარმოება ჩვენს მიერ და ეს გახლავთ საუკეთესო შესაძლებლობა დავახასიათოთ მოსახლეობის ცხოვრების დონის მაჩვენებელი“, - ამბობს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი.
გოგიტა თოდრაძის შეფასებით, საქსტატის მიერ წარმოებული სტატისტიკური მონაცემების შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან პერიოდულად ისეთი ორგანიზაციები ამოწმებენ, როგორიცაა ევროსტატი, გაერო, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი.
„უპირველეს ყოვლისა ჩვენ ვაცხადებთ და ვასაბუთებთ მტკიცედ, რომ ვეყრდნობით საერთაშორისო სტანდარტებს და მეცნიერულად დასაბუთებულ მეთოდებს, მაგრამ ამის რევიზიას თუ რამდენად შესაბამისობაშია ჩვენი ნათქვამი ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან, შესრულებულ სამუშაოსთან, ამის რევიზიას რა თქმა უნდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები პერიოდულად უზრუნველყოფენ, ახდენენ. მათ შორის ევროსტატი, გაერო, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და ასე შემდეგ და შეფასების ანგარიშები ფართო საზოგადოებისთვის რა თქმა უნდა ხელმისაწვდომია. გარდა ამისა ჩვენი ავტორიტეტი იმითაც განისაზღვრება, რომ ჩვენი კოლეგები, ჩვენი თანამშრომლები უშუალოდ ჩართული არიან ასე ვთქვათ საერთაშორისო მეთოდოლოგიების შემუშავების პროცესში და რაც მთავარია ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი განმარტების გაკეთების მიმართულებით, როცა ეხება ეს მაჩვენებლის გაანგარიშების მეთოდოლოგიას, როცა ეხება ეს ახსნას იმისას თუ რამ განაპირობა მაჩვენებლის ზრდა თუ შემცირება და შესაბამისად ეს ერთ დღეში არ ყალიბდება, ამას ათეულობით წლები სჭირდება და ეს კიდევ უნდა გაგრძელდეს ყოველდღიურად ჩვენს სამუშაო პროცესში“, - აღნიშნავს თოდრაძე.