პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით ჩინეთიდან შემოსულმა ინვესტიციებმა შეადგინა $236 მლნ, ჩინეთი პირველ ადგილზეა ამ მაჩვენებლით, ასევე, მიმდინარე წლის პირველ 8 თვეში, ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტი გაიზარდა 177%-ით | ირაკლი კობახიძე
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით ჩინეთიდან შემოსულმა ინვესტიციებმა შეადგინა 236 მლნ დოლარი, ჩინეთი პირველ ადგილზეა ამ მაჩვენებლით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ასევე აქტიურ ფაზაშია მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებზე კორეის რესპუბლიკასთან, ასევე, სერბეთთან და ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოსთან.
„ჩინეთთან ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობის გაფართოება. გაფართოვდა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. ამას აქვს უკვე კონკრეტული ხელშესახები შედეგი. ეს არ არის მხოლოდ ხელმოწერილი დოკუმენტები. იანვარ-აგვისტოში, მიმდინარე წლის პირველ 8 თვეში, ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტი გაიზარდა 177%-ით. იმ შეთანხმებებს, რომლებსაც ჩვენ ვდებთ, ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით, აქვს კონკრეტული შედეგები და ეს მაჩვენებელი ამის ერთ0ერთი თვალსაჩინო გამოხატულებაა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო პირდაპირი ავიარეისების დამატება. კვირაში 14 ავიარეისი სრულდება საქართველოსა და ჩინეთს შორის, რასაც ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მათ შორის, ეკონომიკური თვალსაზრისითჩინეთიდან ინვესტიციები იზრდება. ჩინეთმა დაიკავა პირველი ადგილი, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით ჩინეთიდან შემოსულმა ინვესტიციებმა შეადგინა 236 მლნ დოლარი. ჩინეთი პირველ ადგილზეა ამ მაჩვენებლით. ძალიან აქტიურად ვმუშაობდით შუა აზიის მიმართულებით. სერიოზული ხელშესახები შედეგი გვაქვს. ასევე აქტიურ ფაზაშია მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებზე კორეის რესპუბლიკასთან, ასევე, სერბეთთან და ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოსთან. ამ პროცესის დასრულების შედეგად, 120-მილიონიან ბაზარზე იღებს წვდომას ჩვენი ქვეყანა, რაც სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ტენდენციები ჩვენ გვაძლევს სავალუტო რეზერვების შევსების საშუალებას, საგარეო ვალის ყოველწლიურად შემცირების საშუალებას, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ყოველწლიურად შემცირების საშუალებას, ზოგადად, ფისკალური კუთხით სწორი მაჩვენებლების შენარჩუნების და უზრუნველყოფის შესაძლებლობას. ამ ყველაფრისთვის მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს ეკონომიკურ გუნდს და განსაკუთრებულ მადლობას გადავუხდი ეკონომიკის მინისტრს ქალბატონ მარიამ ქვრივიშვილს", - განაცხადა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები წინა წელთან შედარებით 50.5%-ით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს $8.17 მლრდს მიაღწია
07.10.2026.13:55
2026 წლის სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები წინა წელთან შედარებით 50.5%-ით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს, 8.17 მლრდ აშშ დოლარს, მიაღწია. წინა თვესთან შედარებით საერთაშორისო რეზერვების დონემ 26.5 მლნ აშშ დოლარით მოიმატა. გაუმჯობესდა რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებლებიც. საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მიმდინარე დონე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიით განსაზღვრულ (ARA metric) ადეკვატურობის 100%-იან ზღვარს აღემატება და 128.7%-ს შეადგენს.
საერთაშორისო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. სწორედ აქედან გამომდინარე საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე. როდესაც სავალუტო ბაზარი და მაკროეკონომიკური მდგომარეობა ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვებს ავსებს. საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკის შედეგად, ბოლო ორ წელიწადში, 2024 წლის ოქტომბერთან შედარებით, რეზერვების მოცულობა გაორმაგდა. 2026 წლის განმავლობაში, სავალუტო ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, სებ-ი რეზერვების შევსებას ახორციელებს და 2026 იანვარ-აგვისტოში ჯამურად წმინდა შესყიდვებმა 3,122.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ხოლო, 2026 წლის სექტემბრის წმინდა შესყიდვების სტატისტიკა 26 ოქტომბერს გამოქვეყნდება.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს სებ-მა რეზერვების დივერსიფიკაციის მიზნით ოქროში პირველი ინვესტიცია განახორციელა, ხოლო 2026 წლის ივნისში დამატებით 100 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა. მას შემდეგ ოქროს ფასის მნიშვნელოვანმა ზრდამ საერთაშორისო რეზერვების მატებაში წვლილი შეიტანა. სექტემბრის მდგომარეობით, მონეტარული ოქროს მოცულობა 1,051.8 მლნ აშშ დოლარს, მთლიანი რეზერვის 12.9% შეადგენს.
საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 6 ნოემბერს გამოაქვეყნებს.