პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის დინამიკა, ევროკავშირიდან შემოსული კაპიტალის 19%-იანი მატების ფონზე, ხაზს უსვამს ქვეყნის მზარდ საინვესტიციო მიმზიდველობას და სტრატეგიული სექტორების: ტრანსპორტის, ლოჯისტიკისა და მაღალი ტექნოლოგიების მდგრად განვითარებას - ირაკლი ნადარეიშვილი
„2025 წლის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების კვალდაკვალ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მონაცემები გამოქვეყნდა. 2025 წელს, ჯამურად ინვესტიციებმა 1.68 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ეს არის 7.6%-იანი ზრდა 2024 წელთან შედარებით. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ევროკავშირიდან ინვესტიციების ზრდის მაჩვენებელი, რომელიც 19%-ით გაიზარდა და 525 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. პირველ ადგილზე, ქვეყნების მიხედვით, არის დიდი ბრიტანეთი - დაახლოებით 20%-ით; მეორე ადგილზეა თურქეთი - 180 მილიონი აშშ დოლარი, დაახლოებით 11%-ის პარამეტრებში.
სექტორებს რაც შეეხება, ეს არის ის ტრადიციული და პრიორიტეტული სექტორები, რომელზედაც საქართველოს მთავრობა, როგორც მაღალი საინვესტიციო პოტენციალის მატარებელ სექტორებზე, ესაუბრება ინვესტორებს: ეს არის ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და ფინანსური სექტორი", - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.
აღსანიშნავია, რომ დღეს საქსტატმა 2025 წლის პირველადი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის: სააქციო კაპიტალისა და რეინვესტიციის მაჩვენებლის ზრდით.
2025 წლის წინასწარი მონაცემებით სააქციო კაპიტალის მოცულობამ 601.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 15.3 პროცენტით მეტია, ხოლო რეინვესტიცია წინა წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 3.8 პროცენტით მეტია და 1 397.8 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
სხვა სიახლეები
ბალანსში ექსპორტად აღრიცხული მოცულობის 30.4% აზერბაიჯანთან ტექნიკურ გაცვლას წარმოადგენდა, დანარჩენი 69.6%-ის ექსპორტი თურქეთში განხორციელდა, რომლის ნახევარი ესკოს ბარტერს წარმოადგენდა | Galt & Taggart
05.10.2026.19:00
Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,ელექტროენერგიის ბაზარი საქართველოში - აგვისტო 2026” - ს აქვყენებს. პუბლიკაციაში მიმოხილულია სექტორში არსებული ძირითადი ტენდენციები და სამომავლო პერპექტივები.
,,საექსპორტო სეზონი დასრულდა და აგვისტოდან დაიწყო იმპორტ-დამოკიდებული პერიოდი - 2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა, ძირითადად შედარებით გრილი ზაფხულის ფონზე. აღრიცხულ კლებაზე მიკრო სიმძლავრის სადგურების გამომუშავებამაც იმოქმედა, რომელიც სტატისტიკაში მოხმარებას აკლდება. ჩვენი შეფასებით, ამ გამომუშავების გათვალისწინებით, 2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 1.7%-ით შემცირდებოდა, ოფიციალურად აღრიცხული 3.6%-ის ნაცვლად. 2026 წლის აგვისტოში თბოსადგურების წილმა ჯამურ მიწოდებაში 23.8% შეადგინა, ხოლო მათი გამომუშავება წლიურად 0.2%-ით შემცირდა. თბოსადგურების ჩართვა საჭირო გახდა მოხმარებასა და განახლებად გენერაციას შორის სხვაობის შესავსებად, „იმერეთის“ ხაზის გადატვირთვის რისკის შესამცირებლად და სისტემისთვის აუცილებელი რეზერვების უზრუნველსაყოფად. 2026 წლის 8 თვის შეჯამება: საექსპორტო სეზონმა გამოკვეთა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების საჭიროება. 2026 წლის საექსპორტო სეზონი მაისი-ივლისით შემოიფარგლა. თურქეთში ელექტროენერგიის დაბალმა ფასებმა და სუსტმა მოთხოვნამ გამოიწვია საქართველოდან ექსპორტის რაოდენობის და შესაბამისად საექსპორტო შემოსავლების შემცირება (-53.8% წ/წ, 10.7 მლნ აშშ დოლარი). ამასთან, საქართველოში საჭირო გახდა ჭარბი ჰიდროგენერაციის ტექნიკური შეზღუდვა (ჩვენი შეფასებით, დაახლოებით 0.5 ტვტ.სთ, რაც 8 თვის ჯამური განახლებადი გენერაციის 6.1%-ია). ზაფხულის შედეგები საინვესტიციო კლიმატის სისტემის საჭიროებებზე მორგების აუცილებლობას აჩვენებს. ჩვენი აზრით, ახალი პროექტების მხარდაჭერისას, მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს გამომუშავების სეზონურობასა და სისტემის საიმედოობაში მათ წვლილს, რაც CFD-ის პირობებსა და ტარიფებშიც უნდა აისახოს”, - აღნიშნულია ანგარიშში.