პირველად, ბევრი წლის შემდეგ, მივიღეთ ენერგეტიკული ობიექტები ექსპლუატაციაში - ქვეყანას დამატებითი სიმძლავრეები შეემატება - მინისტრი
„პირველად, ბევრი წლის შემდეგ მივიღეთ ენერგეტიკული ობიექტები ექსპლუატაციაში, გეგმაშია ასევე არაერთი პროექტის მიღება და შედეგად, ქვეყანას დამატებითი სიმძლავრეები შეემატება. მომავალი წელი კიდევ უფრო აქტიური უნდა იყოს - ტენდენცია და ტრენდი მნიშვნელოვნად არის შეცვლილი," - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
ვიცე-პრემიერის განცხადებით, ზოგადად, ენერგეტიკულ პროექტზე გადაწყვეტილების მისაღებად ორი მნიშვნელოვანი ასპექტია გასათვალისწინებელი - ეკონომიკური და გარემოსდაცვითი.
„ჩვენ ეკონომიკურ ნაწილში შემოვიღეთ მხარდაჭერის მექანიზმი, რომელიც კარგად მუშაობს და რეზონანსი არის დადებითი როგორც ინვესტორების, ისე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. ვფიქრობ, ვაჩვენეთ საერთაშორისო საზოგადოებას, მაღალი კონკურენციის პირობებში როგორ უნდა სახელმწიფოს მხარდაჭერის მექანიზმების ამოქმედება და სექტორის მხარდაჭერა. ახლა მეორე აუქციონს ვაცხადებთ და ამ პერიოდშიც ინტენსიური დიალოგი მიდის კერძო სექტორთან, რომ მათი შენიშვნები და მოსაზრებები მაქსიმალურად ავსახოთ და გავითვალისწინოთ ენერგეტიკული სექტორის პრიორიტეტები," - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
რაც შეეხება მეორე მნიშვნელოვან ასპექტს, ვიცე-პრემიერის თქმით, ენერგეტიკის სექტორის მხარდაჭერის მიუხედავად, ყველა ენერგოპროექტი ვერ განხორციელდება სოციალური და გარემოსდაცვითი გარემოებების გათვალისწინებით - ეკონომიკური თვალსაზრისით პროექტის განხორციელება შეიძლება იყოს მიზანშეწონილი, მაგრამ არსებობდეს პრობლემა გარემოსდაცვითი ფაქტორების გამო.
ლევან დავითაშვილმა კომენტარი გააკეთა „კამარა ჰესთან" დაკავშირებითაც, სადაც, მისი თქმით, ინვესტორსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის დიალოგის პროცესი მიდის.
„იმ შემთხვევაში, თუ იქნება მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდან, რა თქმა უნდა, პროექტი განხორციელდება. ყოველ შემთხვევაში, ეს არის ინვესტორის პასუხისმგებლობა. ინვესტორმა, თავის დროზე, მიიღო გადაწყვეტილება, მიეღო მონაწილეობა კონკურსში, მიეღო ფასისმიერი მხარდაჭერა და შესაბამისად, ეკონომიკური მდგომარეობა გაიმყარა. როდესაც საუბარია მოსახლეობასთან ურთიერთობაზე, ასეთ დროს კომპლექსურად ბევრი საკითხი განიხილება - ეს არის სოციალური თემები, კომპენსაციისა და ეკონომიკური საკითხები და ა.შ. თუ ინვესტორი ფიქრობს, რომ მას ახალი პაკეტით შეუძლია მეტი შესთავაზოს მოსახლეობას და მიიღოს მხარდაჭერა, ამას მივესალმებით, თუმცა ჰესი აშენდება იმ შემთხვევაში, როდესაც შედგება კონსენსუსი. ეს შეეხება კონკრეტულად ამ შემთხვევას," - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
„ჩვენ, ვფიქრობთ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში შედგა არაერთი კომუნიკაცია და მჭიდრო თანამშრომლობა განახლებადი ენერგიების ასოციაციასთან, კერძო სექტორთან, დონორებთან, ამ შემთხვევაში, USAID - თან, რომ თანმიმდევრული ყოფილიყო კომუნიკაცია მოსახლეობასთან, აგვეხსნა ენერგოდამოუკიდებლობის როლი, საკუთარი გენერაციის მნიშვნელობა. ვფიქრობ, რომ დღევანდელ დღეს, ზოგადი განწყობები რადიკალურად განსხვავებულია ენერგეტიკულ პროექტებზე, მათ შორის, განახლებადი ენერგეტიკული პროექტების საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერის კუთხით," - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826